ნარკოდანაშაული

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. შსს-ს ცნობით, მასთან ერთად, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

"მიმდინარე წლის 16 მარტს, პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ ორ მოქალაქესთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ისინი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს - ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოდან ამოიღეს საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით.

აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა", - აცხადებს შსს.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. 

გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები