თვითმმართველობის რეფორმა

შესაძლოა, რამდენიმე ქალაქში მერის არჩევნები გაუქმდეს

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

შესაძლოა, რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნები გაუქმდეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მმართველი გუნდის აზრი

ტაბულამ სცადა ინფორმაციის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გადამოწმება. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, „იყო ასეთი თეორიული მოსაზრება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, კანონპროექტად არ არის გადაქცეული“.

კითხვას ვისი მხრიდან იყო ეს მოსაზრება, ქუცნაშვილი პასუხობს:

„ვიმეორებ, ჯერ-ჯერობით ეს თეორიული მოსაზრება კანონპროექტად ქცეული არ არის. თეორიული მოსაზრება შეიძლება ბევრი არსებობდეს. ადრესატის თქმა გამიჭირდება, იმიტომ, რომ კანონპროექტის ავტორებს ვცნობ და თეორიული აზრების ავტორებს არ ვაღიარებ“.

კითხვას, შესაძლებელია თუ არა, ვიხილოთ კანონპროექტი, დეპუტატი პასუხობს - „ვნახოთ, აქ არა ვართ ყველანი?“.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მუნიციპალიტეტების მოწყობის საკითხზე მსჯელობა ყოველთვის უნდა იყოს.

„76 მუნიციპალიტეტიდან გვაქვს სულ მცირე სამი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნები არ ტარდება, ამიტომ, ამ საკითხზე თეორიული მსჯელობა მუდმივად უნდა იყოს, გვჭირდება თუ არა ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნები არ ტარდება. უნდა დავხვეწოთ თვითმმართველობა, როგორც, ჩემი აზრით, დემოკრატიისა და ხელისუფლების პირველი წყარო. მერის არჩევნებზე არ გელაპარაკებით მე თქვენ. გესაუბრებით თვითმმათველობის მოწყობის თაობაზე. სად გვჭირდება თვითმმართველობა, როგორი თვითმმართველობა გვჭირდება, ეს მსჯელობა სულ იქნება. მერის არჩევის საკითხი არ დგას, არც თეორიულ დონეზე არ დამდგარა. მერის არჩევნები იყო და ჩატარდება. ჯერ კანონპროექტის დონეზე არ არის არაფერი შემოსული პარლამენტში და თეორიულ დონეზე ნუ გავჩერდებით“, - ამბობს ქუცნაშვილი.

ტაბულს კითხვას იყო თუ არა თეორიული მსჯელობა რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების გაუქმებაზე, ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს:

„თქვენ განათლებული ადამიანი ჩანხართ და შეიძლება ადამიანი არ მსჯელობდეს საკითხებზე? ან შეიძლება მსჯელობის წინააღმდეგი იყოს ჟურნალისტი? ამაზე სულ უნდა იყოს მსჯელობა, უკვე მესამედ გპასუხობთ. როგორ შეიძლება ადამიანები ამაზე არ მსჯელობდნენ და არ ფიქრობდნენ. თვითმმართველობა მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს“.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გია ვოლსკი ტაბულასთან ამბობს, რომ რამდენიმე ქალაქში მერის არჩევის გაუქმების საკითხი განიხილება.

იცით რა არის, რაღაც თემაზე, პაკეტში განიხილება. არავითარი გადაწყვეტილება ამ თემაზე ჯერ მიღებული არ არის. ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს კომენტარები, განიხილება შესაძლებლობა, შეიძლება არც მოხდეს. თბილისში არ ვარ ახლა, არ მაქვს ბოლო ინფორმაცია და ამიტომ, ცოტა ხანს დავაცდიდი ჩემ თავს კომენტარების კეთებას“, - ამბობს დეპუტატი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მსჯელობა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების საზღვრების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით და მერის არჩევის წესის შეცვლა არ იგეგმება.

„მერების არჩევის წესი არ შეიცვლება, უბრალოდ, საუბარი არის იმაზე, რომ ხომ არ შეიცვალოს მუნიციპალური საზღვრები. როდესაც ეს რეფორმა განხორციელდა, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი გაიყო რამდენიმე მუნიციპალიტეტად, გამოეყო რაიონს ქალაქი და ამ ქალაქებში მერების არჩევა ხდებოდა. საუბარია იმაზე, ხომ არ მოხდეს ისევე ამ მუნიციპალიტეტების გაერთიანება, თუმცა, ეს მერი იქნება თუ გამგებელი, რა თქმა უნდა მოსახლეობის მიერ იქნება არჩეული. საკითხი დგას ასე - რამდენად სწორი იყო მუნიციპალიტეტების გაყოფა და ხომ არ უნდა მოხდეს მათი ისევ გაერთიანება. თუ ვსაუბრობთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის მერების არჩევაზე, ეს საკითხი არ დგას. მაგრამ, თუ ამბროლაური გაერთიანდა ამბროლაურის რაიონში, ბუნებრივია, იქნება გამგებელი თუ მერი, და ალბათ უფრო გამგებელი, არჩევა მოხდება პირდაპირი წესით. თუ მოხდა იმ მუნიციპალიტეტების გაერთიანება რაიონების ფარგლებში, რომელსაც ახლა ჰყავს არჩეული მერი, ამ შემთხვევაში გამგებლებს აირჩევენ. ხალხი ისევ აირჩევს შესაბამის თანამდებობის პირს, საკითხი დგას მხოლოდ იმ კონტექსტში, იქნება ეს მერი თუ გამგებელი“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ „არ შეიძლება ერთ პატარა ქალაქში სამი სხვადასხვა შტო წარმოადგენდეს სახელმწიფოს“.

„თვითონ მმართველობის სისტემის რეფორმის მიზანი არის უკეთესი სერვისების მიწოდება ხალხისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მე არ დავარქმევდი ამას რაიმე უფლების წართმევას. მე დავარქმევდი, რომ სადაც ფრაგმენტირებულია ხელისუფლება, ანუ არ შეიძლება ერთ პატარა ქალაქში სამი სხვადასხვა შტო წარმოადგენდეს სახელმწიფოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სადაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დასაბუთებული იქნება ხარჯების და მართვის ეფექტურობით“, - ამბობს ჯეჯელავა.

სამოქალაქო სექტორის აზრი

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ერთეულების რაოდენობის შემცირებას არ მიესალმებიან. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ პირდაპირ არჩეული მერების რაოდენოს შემცირებას არ ემხრობა.

„ჩვენთვის მისაღებია არსებული სტანდარტის შენარჩუნება, 12 თვითმმართველი ქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევა, ასევე, გამგებლების პირდაპირ არჩევის სტანდარტის შენარჩუნება. ჩვენ არ მივემხრობით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და შესაბამისად, პირდაპირ არჩეული მერების შემცირებას. ზუსტად არ ვიცი რამდენად რეალისტურად შეიძლება ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამ კუთხით უცვლელია“, - ამბობს ბენიძე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის მენეჯერი, ირმა პავლიაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ 2014 წელს, როცა თვითმმართველობის რეფორმა გატარდა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და თუ ეს შეიცვლება, მიზეზი მყარად უნდა იყოს დასაბუთებული.

„როდესაც თავის დროზე თვითმმართველობის რეფორმა დაანონსდა, ერთ-ერთი საკითხი ის იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ყოფილიყო უფრო ახლოს მდგომი მოსახლეობასთან, რათა მათ მარტივად შეძლებოდათ წვდომა იმ რესურსებთან და იმ სერვისებთან, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. რეფორმის მიზანი სწორედ ის იყო, რომ თვითმმართველობა გაუმჯობესებულიყო და უფრო დამოუკიდებელი ყოფილიყო. შემდგომი ცვლილება არ უნდა იწვევდეს იმას, რომ თვითმმართველობა დაშორდეს მოქალაქეებს და შეუძლებელი გახდეს მისი სერვისების მიღება. ცენტრიდან დაშორებულ თემებში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც მარტივი უნდა იყოს ამ სერვისებით სარგებლობა. გამსხვილებით ბევრი ერთეული კვლავ ერთად მოექცევა, ერთად მოხდება მათი მართვა და არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება ეს მართვა“, - ამბობს პავლიაშვილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ცვლილებებს გეგმავს, აქვს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესაც, თუმცა, ის თვითმმართველი ქალაქების არა შემცირებას, არამედ კიდევ უფრო გაზრდას ემხრობა.

„ინფორმაცია ასეთია, რომ მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე თვითმმართველობის გაუქმებას. რამდენიმე წლის წინ ე.წ. რეგიონული ცენტრები შეიქმნა დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულებად - დამოუკიდებელი საკრებულო და დამოუკიდებელი გამგებელი ან მერი. მაგალითად, გორის რაიონს ერთი საკრებულო ჰქონდა და ერთი გამგებელი ჰყავდა. ქალაქ გორში ცალკე საკრებულო შეიქმნა და მერი ცალკე იყო არჩეული. როგორც მე ვიცი, ლაპარაკი არის ამ ახლადშექმნილი საკრებულოების ნაწილობრივ გაუქმებაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა არის არასწორი, რადგან, კონცეფცია, რომელიც სწორად მიმაჩნია და რომელიც უკეთ ემსახურება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ამოცანას, არის ის, რომ დღევანდელი საკრებულოების რაოდენობა პირიქით, გაიზარდოს. მათი რაოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 80-მდე საკრებულოსი, გაიზარდოს სულ ცოტა ორ-სამჯერ მაინც, რათა მათ რეალურად შეძლონ იმ ფუნქციების შესრულება, რაც ევალება ადგილობრივ თვითმმართველობას“, - ამბობს ხმალაძე.

ამ დროისთვის უცნობია აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ მის მიერვე მიღებული მორიგი კანონის შეცვლას. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე პრიმა მუხლის მიხედვით, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“.

ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმა 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდა. მაშინ რამდენიმე მუნიციპალიტეტი და ქალაქი გაიმიჯნა და თვითმმართველ 5 ქალაქს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) კიდევ 7 დაემატა (თელავი, ახალციხე, ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, მცხეთა, ზუგდიდი). შეიცვალა მერის არჩევის წესიც - 12-ვე ქალაქში მერს პირდაპირი წესით ირჩევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში ქუჩები დაიტბორა

კომენტარები