პრეზიდენტის უფლებამოსილება

საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფი: პრეზიდენტი უზენაესის მოსამართლეებს ვეღარ წარადგენს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. 

"ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში უნდა ჩართულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩემი და კომისიის რამდენიმე წევრის წინადადება იყო, რომ პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება არ შემცირებულიყო, უბრალოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამატებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, კომისიის შემადგენლობამ ეს არ გაიზიარა და პრინციპში, საბოლოოდ, როგორც ჩანს, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ამ პროცესში აღარ მიიღებს მონაწილეობას," - ამბობს ვახუშტი მენაბდე. 

საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ეს არის პრეზიდენტი მარგველაშვილის უფლებების შეზღუდვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. 

"ზოგადად, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა მიყვება ბიძინა ივანიშვილის ხაზს, რომელმაც აითვალწუნა პრეზიდენტი მარგველაშვილი მას შემდეგ, რაც როგორც თვითონ თქვა, "ხასიათი გამოავლინა" და საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის შევიწროვებას. ამ შემთხვევაში მათ სურთ, რომ უფლებრივად შეზღუდონ პრეზიდენტი და შემდგომ ამ არგუმენტით "ისედაც უუფლებო პრეზიდენტია" გააუქმონ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ვენეციის კომისიაში მოხდება კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვა და კომისია გამოაქვეყნებს დასკვნას. ჩვენ ვაპირებთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას, რომ არ მოხდეს იმ ცვლილებების მიღება, რომელიც ნაკარნახევია ვიწრო ინტერესებით და არ ეხება ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას,"- ამბობს კახიძე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები