ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ხატიაშვილი: ხვალ, 15:00-ზე კანცელარიის ტერიტორიაზე კარავი დაიდგმება

ზაზა ხატიაშვილი
ტაბულა

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის დაზარალებულები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი მერიისგან მოითხოვენ წერილობით დოკუმენტს, სადაც დადასტურებული იქნება, რომ მათ უფლება აქვთ, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ გაშალონ კარავი. 

როგორც დაზარალებულები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მერიაშიც განუმარტეს, რომ არანაირი ნებართვა საჭირო არ არის და მხოლოდ მერიის ინფორმირებაა სავალდებულო, ისინი მაინც მოითხოვენ წერილობით ნებართვას, რადგან მათი განმარტებით, სამართალდამცველები კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ. როგორც ისინი ამბობენ, მათ მერიისგან ასეთი საბუთის გაცემის პირობა მიიღეს კიდეც 2 დღის წინ, როდესაც მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ. 

დაზარალებულებს დღეს შენობაშიც სურდათ შესვლა, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. დაზარალებულებთან ერთად მერიის შენობის წინ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილიც იმყოფება, რომელმაც ხვალ, 15:00-ზე მთავრობის შენობის წინ კარვის დადგმა დააანონსა. 

"არის საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება, რომ არ სჭირდება არანაირი ნებართვა კარვის დადგმას. ამიტომ, ჩვენ გვინდა მერია გავაფრთხილოთ, ასევე მივდივართ ახლა, უნდა შევიტანოთ განცხადება, უნდა გავაფრთხილოთ პრემიერმინისტრის კანცელარია, რომ ხვალ, 2017 წლის 21 მარტს, დაიდგმება კარავი 3 საათზე, კანცელარიის ტერიტორიაზე. თუ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების "იგნორირება" და ჩვენ არ დაგვადგმევინებენ კარავს, ეს არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული", - ამბობს ხატიაშვილი. 

კომენტარები