რუსთავი 2-ის საქმე

საია: ნაზღაიძე სტიქიისას არ დაზარალებულა, ამ დროისთვის ქონება მას არ ეკუთვნოდა

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა, რადგან, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება იმ დროისთვის მას არ ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზვიად ნაზღაიძესა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის კომპენსაციასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება არსებობდა.

ამის შესახებ საუბარია საიას კვლევაში "28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება". ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქმით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

"საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობის საკითხით დაინტერესდნენ, რადგანაც, შესაძლოა ეს ფაქტი, მუნიციპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოხელეების მხრიდან, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს", - აცხადებენ საიაში.

ამ ვარაუდის საფუძველს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მათ მიერვე მომზადებული კვლევის შედეგები აძლევს. კერძოდ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ:

  • 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ზვიად ნაზღაიძე არ წარმოადგენდა თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს;
  • თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;
  • არცერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას - საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა;
  • ზვიად ნაზღაიძეს უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვ.მ უძრავი ქონება;
  • სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისის მერიამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ძმას მილიონი ლარი გადასცა. 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მერიამ თბილისის ცენტრში მეტროსადგურ უნივერსიტეტთან 515 000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი გადასცა, 130 000 კრედიტის დასაფარად, 43 000 დოლარი სხვა საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ჩაურიცხავს იმ ანგარიშზე, რომელსაც ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

თბილიის მერის განმარტებით, რუსთავი ორის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმას ბიუჯეტიდან თანხა "კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით" ჩაერიცხა.

დავით ნარმანიას მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე კი ამბობს, რომ ზვიად ნაზღაიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთით ინვესტორი იყო დაინტერესებული.

კომენტარები