ნავთობი

აჭარა-გურიის რეგიონში ნავთობის მოპოვებაზე $30 მილიონი დაიხარჯება

Reuters

აჭარა-გურიის რეგიონში მომავალი სამი წლის მანძილზე ნავთობის მოძიება-მოპოვებაზე $30 მილიონი დაიხარჯება. შესაბამის ხელშეკრულებას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა და ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ხელი დღეს მოაწერეს. 

შეთანხმების მიხედვით, Vectra Petroleum Limited და NauticAwt Energy PTE LTD გურიის და აჭარის რაიონებში ერთობლივად განახორციელებენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას.

დამტკიცებული გეგმის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამის განხორციელებისას დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული მოპოვების გაზრდა და ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.

Vectra Petroleum 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახით Vectra Petroleum-მა 5 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორცილებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

Vectra Petroleum Limited ჰონგ-კონგში რეგისტრირებულია კომპანიაა, იგი ოპერირებს ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში. NauticAwt Energy PTE LTD დაფუძნებულია სინგაპურში 2011 წელს. კომპანია მიეკუთვნება NauticAWT Energy Solutions ჯგუფს, რომლიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური აქტივების მქონე კომპანიას და აქტიურადაა ჩართული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მონაწილეთათვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენაში.

კომენტარები