ე.წ. კოკაინის საქმე

ელისაშვილი ბესელიასთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებს, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

netgazeti.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას სარჩელი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ.

ელისაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფა და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქმე ეხება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მასზე ზეწოლას ცდილობდნენ, რადგან პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ.

ალეკო ელისაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ "ხელისუფლებამ სასამართლო ჯიბეში ჩაისვა" და აპირებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

"არ ვაპირებ გადახდას, რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს მაგ ყველაფრისგან. სასამართლომ ჩამაბაროს ოფიციალურად, დღეს რაც იბოდიალა, სამარცხვინო რაღაცები, მოსამართლე კუჭავამ, ურთმელიძის სულიერმა დამქაშმა. რომ ჩამაბარებენ, რა თქმა უნდა, სააპელაციოში გავასაჩივრებ. ჯიბეში ჩაისვა ხელისუფლებამ სასამართლო. რახან ჩემი საქმე იყო, მაგიტომ კი არა. ეკა ბესელიას ქუსლების ქვეშ არის გათელილი სასამართლო სამწუხაროდ. ხალხს უნდა აჩვენონ, რომ ვინმე "ქართული ოცნების", მათ შორის საყოველთაოდ აღიარებული მექრთამის, ბესელიას წინააღმდეგ თუ რამეს იტყვის, ისე მოექცევიან, რომ პროკურატურა არაფერს დაადასტურებს, სასამართლოში უარყოფას დააკისრებს და ვითომ მე ამით უკან დამახევინებენ. ნურას უკაცრავად, როგორც ერთი ტიპი იტყოდა. ვერც უკან დამახევინებენ და ვერც ვერაფერზე ამაღებინებენ ხელს", - ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ეკა ბესელია "ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მორალური და პოლიტიკური სახე გახდა".

"მთელი სულით და გულით ვულოცავ, როგორ დეგრადირდა ამ 5 წლის განმავლობაში ქართული ოცნება. ქართული ოცნება გახდა ეკა ბესელიას სახის მქონე - კორუფციის წუმპე. 20 500 ლარს ითხოვდა და 1000 ლარის მორალური ღირებულების არის ეკა ბესელია, სასამართლომ ასე გადაწყვიტა ყოველ შემთხვევაში. სასამართლომ ასე გადაწყვიტა ყოველ შემთხვევაში, რომ ეკა ბესელიას ღირსება და პატივი ღირს 1000 ლარი. გულდასაწყვეტი სახელმწიფოებრივად ის არის, რომ სასამართლო არ გვყავს", - ამბობს ელისაშვილი.

ეკა ბესელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება "ძალიან სასიამოვნო ამბავია" და ეს მისთვის პრინციპული იყო. დეპუტატი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ცილისმწამებელია.

"ჩემთვის, პრინციპული იყო ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომლითაც სახელი დაერქვა უკვე მეორედ ელისაშვილს, რომ ის გახლავთ ცილისმწამებელი. ეს თქვა გამოძიებამ, მაშინ როდესაც ჩატარდა ძალიან დეტალური გამოკვლევა და ნახეთ თქვენ, რომ გამოაშკარავდა აბსოლუტურად ყველა ის სიცრუე, რომელსაც ის მიმართავდა. ახლა უკვე სასამართლომ თქვა იგივე და მას დაევალა მის საყვარელ ტელეეთერში უარყოს ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც სასამართლომ დაავალა, რომ არის უარსაყოფელი. ჩემთვის, ეს არის ძალიან პრინციპული. ჯარიმის თანხა მე მოვითხოვე ორივე მოპასუხის მიმართ 41000 ლარი. სიმბოლური ციფრია 41-თან ასოცირებული. თუმცა ვთქვი, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ჩაერიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. ჩემთვის პრინციპულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტები, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც უმსგავსო, უღირს მეთოდებს მიმართავენ და არიან ცილისმწამებლები, პასუხი აგონ", - ამბობს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პოსტზე ყოფნისას მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბესელია და კობახიძე მისგან ე.წ. კოკაინის საქმის მსჯავრდებულების შესაწყალებელ სიაში ჩასმას მოითხოვდნენ, "ადამიანის ბედით ვაჭრობდნენ, პატიმრების გაშვების საკითხით ვაჭრობდნენ და იღებდნენ ფულს". ბრალდებებს უარყოფენ ბესელია და კობახიძე, მათ ელისაშვილს სასამართლოში უჩივლეს. გარდა ამისა, მათ სასამრთლოს მიმართეს ჟურნალისტ ელისო კილაძის წინააღმდეგაც, რომელიც, ასევე, ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.

2016 წლის მარტში საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე ჩადენილ სავარაუდო კორუფციულ ფაქტზე გამოძიება დასრულდა და კორუფცია არ დადასტურდა. პროკურატურის მტკიცებით, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურში არ აღმოჩნდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები.

კომენტარები