საზოგადოებრივი მაუწყებელი

GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიშა ფეიქრიშვილიც გადავიდა

მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან
2030

GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევ ერთი ჟურნალისტი, მიშა ფეიქრიშვილი გადავიდა. ფეიქრიშვილს GDS-ის ეთერში წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრები ნათია თოიძესთან ერთად მიჰყავდა, რომელიც ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავიდა სამუშაოდ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ტაბულას დაუდასტურა, რომ მაუწყებელზე GDS-ის 5 თანამშრომელი გადავიდა. ასევე, დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 20:30-ის წამყვან მაკა ცინცაძესთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გიორგი გვიმრაძის ცნობით, ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დაგეგმვის მთავარი რედაქტორი იქნება. GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადადის ნათია თოიძეც. ნათია თოიძეს წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრები მიჰყავდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორი იქნება. 20:30-ის პროდიუსერები მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზეც იმავე თანამდებობას დაიკავებენ. 2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის ახალი ამბების რედაქტორი იქნება.

გვიმრაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასული თანამშრომლები, ძველ თანამშრომლებს არ ჩაანაცვლებენ.

ამასთან, GDS-ის 20:30-ის მთავარი პროდიუსერი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. მაღლაფერიძემ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში თანამშრომლების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირების მიზნით უნდა მოხდეს. არხის მენეჯმენტის გეგმით, უნდა დაიხუროს "არარეიტინგული გადაცემები": "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს.

კომენტარები