განახლებადი ენერგია

ზესტაფონში 150 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება

0 კომენტარი
ფოტო: syncomedia.com

მთავრობამ ზესტაფონის მიმდებარედ 150-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის აშენებისთვის ინვესტორი უკვე გამოავლინა. პროექტს კომპანია ჯეოკრაფტი განახორციელებს. ჯეოკრაფტთან ერთად პროექტის განხორციელებაში სახელმწიფო კომპანია "ენერგეტიკის განვითარების ფონდიც" მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ღირებულება $227 მილიონია და 50 ტურბინისგან შედგება.

პარტნიორებს შორის წილობრივი გადანაწილება შემდეგია:

  • სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი – 10 %
  • შპს ჯეოკრაფტი – 90 %

პროექტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის (საპროექტო დადგმული სიმძლავრე – 150 მეგავატი) სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და შპს ჯეოკრაფტის მიერ დაარსებული საერთო საწარმო შპს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად წარსადგენი კვლევების მომზადების მიზნით.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური - ქართლის ქარის ელექტროსადგური - ექსპლოატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდა. ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია და ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი Vestas-ის ტურბინისგან შედგება. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6.89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

სემეკის ცნობით, წელს გორის ქარის ელექტროსადგური 88 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად, მასში ბიუჯეტი $6 მილიონ დოლარს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის მანძილზე ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები