რობი უილიამსი

უილიამსი ევროვიზიაზე რუსეთის სახელით გამოსვლაზე: მოდი, რუსეთო, ჩვენ შევძლებთ მოგებას

რუსეთის პირველი არხის გადაცემაში - "ПУСТЬ ГОВОРЯТ" - ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა სურვილი გამოთქვა, ევროვიზიაზე რუსეთი წარადგინოს.

"იცით რა? მე მონაწილეობას მივიღებდი ევროვიზიაზე რუსეთის სახელით. ახლა ამას უბრალოდ გეუბნები, მაგრამ ჩემმა მენეჯერმა უკვე დაიწყო მზადება. თუმცა, მე მსურს, რომ რუსეთი წარვადგინო ევროვიზიაზე. მოდი, რუსეთო, ჩვენ შევძლებთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა რობი უილიამსმა.

გადაცემის წამყვანთან ინტერვიუში უილიამსმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ევროვიზიის კონკურსი და მეუღლესთან ერთად აქტიურად უყურებს მას.

"მე ძალიან მიყვარს ევროვიზია. მესმის, რომ კონკურსი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობს და არავის ჰყოფნის ნერვები, ბოლომდე უყუროს. მხოლოდ რჩეულებს, როგორიც მე და ჩემი მეუღლე ვართ, შეუძლიათ კონცენტრირება. თუ ვინმე პარალელურად, ლაპარაკს იწყებს, აუცილებლად ძალიან ვუბრაზდები, რადგან იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია, გრანდიოზული შოუა", - აღნიშნა ბრიტანელმა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ რობი უილიამსმა გასულ წელს სიმღერა ჩაწერა სათაურით Party Like a Russian (გაერთე რუსივით). სიმღერის ტექსტში მომღერალი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დასცინის. რობი უილიამსის თქმით, იგი იძულებული გახდა, თავადვე გაეტარებინა სიმღერის ტექსტი ცენზურაში, რათა რუსები არ გაენაწყენებინა.

ცნობისთვის, რობი უილიამსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში კონცერტი 2016 წლის 27 მაისს გამართა.

კომენტარები