შრომის ინსპექცია

კანონპროექტით, შრომის ინსპექციას კომპანიების დაჯარიმების უფლება ეზრდება

flickr.com

მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას რიგი მიმართულებით ეზრდება უფლებები. მას ეძლევა უფლება, გაუფრთხილებლად შევიდეს კომპანიებში და შეამოწმოს ყველა ის პირობა და, მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან.

ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ კანონპროექტი ჯერჯერობით საჯარო არაა, თუმცა დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართული შეხვედრის შედეგად, მისი ზოგიერთი დეტალის შესახებ ხდება ცნობილი. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ბანკები და ფინანსები ავრცელებს.

ჯარიმების ოდენობა 300-დან 4000 ლარამდე განისაზღვრება. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600-ით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1200 ლარით გულისხმობს. არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 1000, ხოლო იურიდიული პირისა 2000 ლარით.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია ხელმძღვანელობდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და იმსჯელეს იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას.

"ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების საშუალებაც არის, რაც იდეაში კონფიდენციალურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ რისკიანი ჩანაწერი, ანუ შესაძლებლობა არის, რომ კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია გახდეს საჯარო", - აცხადებს ლევან სილაგავა, მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი.

ცვლილებები მომზადებულია შემდეგი კანონებისთვის:
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონი
• დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი
• სამეწარეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონი
• საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
• სახალხო დამცველის შესახებ კანონი
• საჯარო სამსახურის შესახებ კანონი
• შრომის კოდექსი
• შშმპ-თა სოციალური დაცვის შესახებ კანონი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში, მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში. "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ბიზნესსექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე წარუდგენს.

კომენტარები