რუსული პროპაგანდა

ექსპერტები მოგერინის: სერიოზულად მოეკიდეთ რუსული დეზინფორმაციის საფრთხეს

რუსული პროპაგანდა

"ქალბატონო მოგერინი, თუ თქვენ კვლავ არაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ წინ აღუდგეთ რუსული დეზინფორმაციის საფრთხეს, დემოკრატიის მტრები გააგრძელებენ გამარჯვებას, ჩვენი საზოგადოებებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენა კი, შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს. მოქმედების დროა", - ასეთია იმ საჯარო მიმართვის რეზიუმე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, დღეს გაუგზავნეს. 

წერილში, რომელსაც ხელს აწერენ გავლენიანი ექსპერტები და პოლიტიკოსები, რუსული დეზინფორმაციის საფრთხესთან ბრძოლა უსაფრთხოების გამოწვევების პრიორიტეტად არის მოხსენიებული. ხელმომწერების განცხადებით, ფედერიკა მოგერინი და ევროპის კავშირი წლების განმავლობაში სერიოზულად არ უყურებდა რუსული პროპაგანდის საფრთხეს. მათი თქმით, პუტინი ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებსა და საზოგადოებებს, - საპასუხო მოქმედებები კი უპასუხისმგებლო, არაადეკვატური და სუსტია.

"კრემლის აგრესიული მოქმედებები თანამედროვე სამყაროში უპრეცედენტოა. მეზობელ ქვეყნებში შეჭრა, სამოქალაქო პირების მასიური დაბომბვა, მკვლელობა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი ძალისმიერი შეჭრა ევროპაში, სხვა სახელმწიფოთა საზღვრების სისტემატური დარღვევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გატაცება, უცხოელი დიპლომატების დევნა ან მასიური კიბერშეტევები, ყოველივე ეს, რუსეთის პრაქტიკული სახელმძღვანელოს რუტინული ნაწილია", - ნათქვამია მიმართვაში.

ექსპერტების აზრით, ამ აგრესიულ ინციდენტებს თან ახლავს "მასობრივი, შემტევი, განგრძობითი და სასტიკად აგრესიული დეზინფორმაციის კამპანია".

წერილის ხელმომწერები წუხან, რომ რუსული დეზინფორმაციის გაძლიერების პარალელურად, რომელიც აქტიური იყო ევროპაში, როგორც მინიმუმ, სამი წლის განმავლობაში, ქმნიდა ტელეარხებს და პლატფორმებს თავისი გზავნილის მისატანად და გასაძლიერებლად, ევროკავშირის რეაქცია უპასუხისმგებლო და სუსტი იყო. მათი თქმით, პუტინს სურს გადახედოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ წესრიგს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს, მოახდინოს ევროპული საზოგადოებების დესტაბილიზაცია და ამ მიზნით უკვე შექმნა საკომუნიკაციო სისტემების ფართო სპექტრი, რომლებიც დიდი ხანია ფუნქციონირებენ და უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან რეზულტატებს. ხელმომწერთა აზრით, ამ რეზულტატების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გარეშე შეუძლებელია.

"როგორც ექსპერტები ევროპული უსაფრთხოების საკითხებში, მოვუწოდებთ ჩვენს ლიდერებს, წინ აღუდგნენ ამ საფრთხეს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს დემოკრატ ლიდერებს, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად მოეკიდონ რუსულ დეზინფორმაციას და აქციონ ის უსაფრთხოების პრიორიტეტულ პრობლემად. ჩვენმა ხელმძღვანელებმა საჯაროდ უნდა დაასახელონ და ამხილონ მისი მიზნები...", - ნათქვამია მიმართვაში.

"სერიოზული საფრთხის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფედერიკა მოგერინი ცდილობდა, არ ეწოდებინა რუსეთისთვის მტრული დეზინფორმაციის მთავარი შემოქმედი", რაც, ხელმომწერთა აზრით, სწრაფად უნდა შეიცვალოს - მათ შორის, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის ადეკვატური ფინანსური რესურსის გამოყოფით.

კომენტარები