ავიაცია

არაბულმა ავიახაზებმა ლეპტოპების აკრძალვის გამო შეიძლება ბიზნესმგზავრები დაკარგონ

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 83 მლნ მგზავრს მოემსახურა
AP

21 მარტს აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი რეგულაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ისლამური ქვეყნებიდან აშშ-ში პირდაპირ ფრენებზე ბორტის სალონში მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების ატანა ეკრძალებათ. რეგულაცია მობილურების გარდა თითქმის ყველა სახის დიდი ზომის ელექტრონულ მოწყობილობას ეხება. გადადგმულ ნაბიჯს უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის რისკებს უკავშირებს. აღნიშნული რეგულაციის ანალოგიური შეზღუდვა უკვე დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო. 

რეგულაციის მიხედვით, მგზავრებმა ლეპტოპები, აიპადები, ფოტოაპარატები, ტაბლეტები, ქინდლები, სათამაშო კონსოლები, რომლებიც მობილურზე დიდია, სკანერები, პრინტერები, მინი DVD ფლეიერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ბარგში უნდა ჩააბარონ. 

აკრძალვა შეეხო Skytrax-ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 10 საუკეთესო ავიაკომპანიიდან 4-ს, ესენია: Emirates, Etihad, Qatar Airways და Turkish Airlines. ამ ავიახაზებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს და პირველი კლასის მოგზაურთათვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება. ერთი თვის წინ Qatar Airways-მა წარადგინა ბიზნესკლასის სალონის ახალი კონცეფცია, რომელიც თვითმფრინავში ახალი ტიპის სამუშაო გარემოს შექმნას ითვალისწინებდა. იმის გამო, რომ ამ სამუშაო გარემოს პოტენციურ კლიენტებს ახლა კომპიუტერების ბარგში ჩაბარება მოუწევთ, ავიაკომპანიის კონცეფცია მიმზიდველობას კარგავს.

კატარის ავიახზების ახალი ბიზნეს კლასის მოდელი
ფოტო: qatar airways

Emirates-მა უკვე დაიწყო რეგულაციის საპასუხო მარკეტინგი. 21 მარტს მან გამოაქვეყნა რეკლამა "ვის სჭირდება ბორტზე ლეპტოპი ან ტაბლეტი?", რომელშიც ჯენიფერ ენისტონი მონაწილეობს.

ამავდროულად აკრძალვა ეხება აშშ-ის მიმართულებით ყველა პირდაპირ რეისს შემდეგი აეროპორტებიდან:

  1. სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი
  2. დუბაის საერთაშიროსო აეროპორტი
  3. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (კატარი)
  4. ამანის საერთაშორისო აეროპორტი (იორდანია)
  5. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი
  6. აბდულ-აზიზის საერთაშორისო აეროპორტი (საუდის არაბეთი)
  7. მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტი (საუდის არაბეთი)
  8. ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი
  9. კაიროს საერთაშორისო აეროპორტი

რეგულაციის გრძელვადიანი ეფექტები ჯერ დათვლილი არაა. 

კომენტარები