სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობა იუსტიციის საბჭოს მორიგ წევრ თამარ ალანიას სურს

თამარ ალანია
ნეტგაზეთი

ევა გოცირიძის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგ წევრ თამარ ალანიას სტრასბურგის მოსამართლეობა სურს. მან მოსამართლეობის კანდიდატად თავი უკვე წარადგინა.

ალანიას თქმით, მას, გარდა საქართველოში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილებისა, სტრასბურგის სასამართლოში იურისტად აქვს ნამუშევარი.

როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ წარდგენილი 3 კანდიდატი: ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი და ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა კომიტეტმა ჩააგდო და სხვა პრეტენდენტები მოითხოვა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა.

თამარ ალანიამ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა დღეს კომენტარი. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს აქვს შეჩერებული.

ალანია ასევე თვლიდა, რომ მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე გახდა იუსტიციის საბჭოს მდივანი, სასამართლოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხმა აიწია.

 

ასევე ნახეთ >> რატომ შეიცვალა ევრომოსამართლეობის მსურველების რეგისტრაციის თარიღი?

კომენტარები