ფინანსები

ბანკის ლიცენზიისთვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნა 50 მილიონ ლარამდე იზრდება

AP Photo

12 მილიონი ლარი არის კაპიტალის ის მინიმალური მოთხოვნა, რაც საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ლიცენზიის დასაკმაყოფილებლად მინიმუმ უნდა იქონიონ. 2018 წლის ბოლოდან კი ქვეყანაში კაპიტალის მოთხოვნები რამდენჯერმე გაიზრდება და 50 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საბანკო ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლა გართულდება.

ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზრდაზე განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაააკეთა. მისი თქმით, ცვლილებები ბაზელ III-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმდინარეობს, კაპიტალის მოთხოვნის ზრდა კი ეტაპობრივად მოხდება, რათა ბანკებს მის დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა ჰქონდეთ.

ბაზელ III გლობალური ნებაყოფლობითი საბანკო რეგულაციების ერთობლიობაა, რომელიც საბაზრო ლიკვიდობას, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებსა და ლევერიჯის (საკუთარსა და ნასესხებ სახსრებს შორის თანაფარდობის მაჩვენებელი, რომელიც ადგენს ფირმის მთელ საინვესტიციო კაპიტალში საინვესტიციო დავალიანების წილს) გონივრული ნიშნულის დადგენას მოიცავს. ბაზელ III მიზნად საბანკო სექტორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდას ისახავს. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკიდან 3 ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ სილქროუდ ბანკს, ფინკა ბანკსა და ზირაათ ბანკს არ აქვთ 50-მილიონიანი კაპიტალი.

ამ ბანკებმა იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს უპასუხონ, მომდევნო წლის მანძილზე საკუთარი კაპიტალი უნდა გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიას დაკარგავენ. ახალი რეგულაციის დასაკმაყოფილებლად ამ ბანკებმა მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსები უნდა დახარჯონ, უცნობია, თუ რა ეფექტი ექნება ამას მათი საბანკო პროდუქტების ღირებულებაზე.

კომენტარები