ლონდონის ტერაქტი

ლონდონში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა

PA

ლონდონში ბრიტანეთის პარლამენტი შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 40 ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ინფორმაცია ბრიტანეთის პოლიციამ სულ ცოტა ხნის წინ შეასწორა. დაღუპულთა შორის არიან 40 წლის ქალი, 50 წლის მამაკაცი, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი.

თავდამსხმელი ნაცრისფერ Hyundai i40-ს მართავდა, რომლითაც პარლამენტის შენობასთან, ვესტმინსტერის ხიდზე მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა. დაჯახების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ათობით მოქალაქე კი დაშავდა. შემდეგ მანქანა პარლამენტთან მდებარე ერთ-ერთს გალავანს შეეჯახა და მანქანიდან გადმოსული, დანით შეიარაღებული თავდამსხმელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა, სადაც მან ერთ-ერთი პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ, მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და ადგილზევე მოკლა.

The Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი აბუ იზადინი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა, რადგან იზადინი ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ციხეში ზის.

ლონდონის საქალაქო პოლიციის ცნობით, ტერაქტის უკან ერთი ადამიანი იდგა.

გუშინდელ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ექვს მისამართზე ჩხრეკა უკვე ჩაატარა და შვიდი პირი დააკავა.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ მომხდარი თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებზე დარტყმად შეაფასა.

მეის მომხდართან დაკავშირებით გუშინვე ესაუბრა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც მომხდარი დაგმო.

მომხდარი დაგმო ფრანსუა ოლანდმაც, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატიცისცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს. ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ მწუხარება გამოთქვეს და მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

დღეს პარლამენტის შენობაზე ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაეშვება.

კომენტარები