ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაესწრება

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახური

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს კრება გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ შეკრებას არ შეუერთდება პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო მაქაცარია. უშიშროების საბჭოზე ვერდასწრების ოფიციალურ მიზეზად, დეპუტატები ქუთაისის პარლამენტში დღეს დანიშნულ სესიას ასახელებენ.

ამ თემას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოეხმაურა, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრი არ არის. ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტი არათანმიმდევრულია.

"აი, გუშინ რომ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავ პარლამენტს, რომ "არ გენდობი შენ, შენს ძალოვან უწყებებს" და შემდეგ უშიშროების საბჭოზე იმავე ძალოვან უწყებებს უსაფრთხოებაზე ელაპარაკები, აქ რამე პრობლემას ვერ ვხედავთ ლოგიკის კუთხით? კითხვები ძალიან მძაფრად ჩნდება, ამიტომ, თანმიმდევრულობა არის საჭირო", - ამბობს ეკა ბესელია.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის პრეზიდენტისადმი ინსტიტუციური დავის შედეგი და სწორედ ამის გამო არ ესწრებიან უშიშროების საბჭოს სხდომას.

"მორიგ ჯერზე, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტის წევრები, იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების სხდომაში მონაწილეობაზე. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ გუშინ, როდესაც მათ სურდათ, ადამიანების უკანონო მოსმენის [უფლების] სუსისთვის დატოვება, როგორ თამამად აკეთებდნენ განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, ხოლო დღეს, როდესაც რეალურად უნდა მოხდეს, რეგიონში არსებული საკმაოდ მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება, დღეს უკვე მათ აღარ ახსენდებათ სახელმწიფო უსაფრთხოება", - ამბობს მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე. 

"ეკა ბესელიამ უფრო სხვა სიტყვებიც გამოიყენა პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წევრების შეფასების დროს. "არათანმიმდევრული" კიდევ კორექტული შეფასებაა, მისგან გვჩვევია ბევრად უფრო სხვაგვარი შეფასებები. მთავარი ის არის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა არის ფორმატი, რომელიც გაწერილია ჩვენი კანონმდებლობით, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. იმიტომ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან პრეზიდენტი მარგველაშვილის მორჩილების ხარისხით ბიძინა ივანიშვილისადმი და ამას ისინი პირდაპირ ამბობენ, სწორედ ამიტომ, უგულებელყოფენ პრეზიდენტის ინსტიტუტს", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე დაიწყება და მსჯელობის საგანი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები იქნება. სხდომაზე, ასევე, განიხილება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე მიწვეულია საბჭოს ყველა წევრი.

როგორც ცნობილია, სხდომას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. 
 

კომენტარები