ლონდონის ტერაქტი

მეი: ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევით შერჩეული არ იყო

EPA

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, გუშინ ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევით შერჩეული არ იყო.

"თავდასხმისთვის ეს ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული. ტერორისტმა ჩვენი დედაქალაქის ცენტრი საგანგებოდ შეარჩია, სადაც ყველა რელიგიის, ეროვნების, კულტურის ადამიანები იკრიბებიან, ისინი ზეიმობენ თავისუფლებას, მის ღირებულებებს, დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას. ჩვენი პარლამენტის ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ხალხის მხრიდან აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს. სწორედ ამიტომაც არის ეს ადგილი სამიზნე მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ამ ღირებულებებს. ჩვენი ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება", - თქვა მეიმ.

ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტი შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე 40 ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის არიან - 40 წლის ქალი, 50 წლის მამაკაცი, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი.

კომენტარები