ნარკოპოლიტიკა

TI: ნარკოდანაშაული მოქალაქეებზე ზეწოლის, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა და ამას სისტემური ხასიათი აქვს.

ორგანიზაცია ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკა ხელს არ უწყობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის კლებას.

"საქართველოში უკვე წლებია რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ნარკოდანაშაული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა და ამას სისტემური ხასიათი აქვს მიღებული. ეს ხელს არ უწყობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის კლებას და ნარკოდამოკიდებულთა რესოციალიზაციას. ამის ფონზე, მძლავრია საზოგადოების მოთხოვნა ხელისუფლებისადმი ნარკოკოპლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამ დრომდე საზოგადოებას არ მოუსმენია სახელმწიფოს მხრიდან ღირებული არგუმენტები ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლების მიმართ ასეთი არაჰუმანური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკის მომხმარებლების საზოგადოებისგან იზოლირება აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია", - აცხადებენ TI-ში.

გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის მოქალაქეებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაჰუმანური და არარაციონალურია, ასევე, არის "სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის გატარების გაუმართლებელი მცდელობა".

"საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიმდინარე საპარლამენტო სესიაზე აქტიურად უნდა იმუშაონ დღეს არსებული რეპრესიული და არაეფექტიანი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები მიმართული იყოს ნარკოდამოკიდებული პირის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისკენ, საპატიმრო სასჯელის მინიმიზაციის და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისკენ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში ხელისუფლებამ დროული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს MDMA-ის უკანონო შენახვა-შეძენისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს - 5 წელი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

კომენტარები