რუსთავი 2-ის საქმე

სალია R2-ის წილების გადაცემაზე: ასეთი რამ ვერ განხორციელდება

რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აფასებს ძმები ყარამანაშვილების განცხადებას რ2-ის წილების 40%-ის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემის შესახებ. სალია ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავას ყარამანაშვილები მოიგებენ, ეს დავის ხელახლა დაწყების საფუძველი გახდება.

"იურიდიულად ეს ამ ეტაპზე არის წარმოუდგენელი და შემდგომ ეტაპებზეც, ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ვერ განხორციელდება, თუნდაც, დასრულდეს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იქნება იმის საფუძველი, რომ დავა ხელახლა დაიწყოს. წილები კვლავაც დარჩება ყადაღის ქვეშ და შეიძლება საკმაოდ დიდ ხანსაც გაიწელოს. თანამშრომლებს დაუფასდათ მათი საქმიანობა, მათი შრომა და ბრძოლა, როგორც ამბობს ყარამანიშვილი თავისუფალი სიტყვის დასაცავად. ეს რომ არ არის ამ შემთხვევაში ნამდვილი მიზანი, ამაში დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება გაკეთდა განცხადებისთვის", - ამბობს ხალვაშის ადვოკატი იმედთან საუბარში.

ლევან და გია ყარამანაშვილებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტელევიზიის წილის 40%-ს თანამშრომლებს გადასცემენ. მისი თქმით, "ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, რომ წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე".

კომენტარები