რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის გუნდი: უარს ვამბობთ ყარამანიშვილების შემოთავაზებაზე, გადმოგვეცით "საქართველო"

რუსთავი 2-ის თანამშრომლები უარით პასუხობენ ტელეკომპანიის აქციების 80%-ის მფლობელების ძმები ყარამანაშვილების შემოთავაზებას ტელეკომპანიის 40%-იანი წილის მათთვის გადაცემის თაობაზე.

ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია, რუსთავი 2-ის გუნდის სახელით, ლევან და გია ყარამანიშვილებს სთავაზობს, კოლექტივს საკუთრებაში გადასცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-იანი წილის მფლობელია.

გვარამიას თქმით, 40%-იანი წილის მიღებაზე უარი შემდეგ გარემოებებს ემყარება:


1. ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40%-იანი წილის რუსთავი 2-ის გუნდისთვის გადმოცემა განუხორციელებდია, რადგან რუსთავი 2-ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის 9%-ის წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს, შესაბამისად შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისით ფიქციაა.

2. კომპანიის 40%-იანი წილის ფლობა პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას: გადამწვეტი ხმის უფლება კვლავ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც ფლობს კომპანიის საკონტროლო პაკეტს - 51%-იან წილს. ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეებიც არიან ძმები ყარამანიშვილები. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით, საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად ერთადერთი გზაა კომპანიაში საქმის ვითრების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. საქართველო არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს.“ - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ამ გზით "დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები რუსთავი 2-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით და საფუძველი არ ექმნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით".

განცხადება, სადაც ლევან და გია ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტელევიზიის წილის 40% თანამშრომლებს გადასცენ, დღეს გავრცელდა.

კომენტარები