ბლოგი

ხალხის სახელით

ერთი საუკუნის წინ ლენინის მიერ „აპრილის თეზისების“ დანერგვის მეთოდიკა კვლავაც პოლიტპოპულიზმის ეტალონად რჩება. თუმცა, ამჟამად, მსგავსმა პრაქტიკამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა.

როდესაც 1917 წლის აპრილში ემიგრაციიდან ეს-ესაა დაბრუნებულმა ლენინმა კოლეგა-ბოლშევიკებს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის ახალ, სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის გეგმა გააცნო, ამ გეგმის რადიკალურობამ დამსწრეთა უმრავლესობა დააფრთხო. ლენინთან უთანხმოება ორთოდოქსმა მარქსისტებმა - სტალინმა და კამენევმაც კი გამოხატეს. ბოლშევიკების ლიდერის მეუღლემ - ნადეჟდა კრუპსკაიამ ისიც თქვა, რომ „როგორც ჩანს, ლენინი გაგიჟდა“. საბოლოოდ, „აპრილის თეზისების“ სახელით ცნობილი გეგმა დაიბეჭდა „პრავდაში“, მაგრამ იქვე, რედაქტორის სვეტში, კამენევი განმარტავდა, რომ ეს თეზისები მხოლოდ ლენინის პირად აზრს გამოხატავდა და რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტი მათ არ იზიარებდა. შეიქმნა ლენინისგან პარტიის „მიტაცების“ (დღევანდელი ტერმინოლოგიით - „ახევის“) ხიფათი. ამ ვითარებაში ლენინმა იპოვა მარტივი გამოსავალი: მან მიმართა რადიკალიზმით გამორჩეულ რეგიონულ პარტიულ ორგანიზაციებს და 1917 წლის აპრილის სრულიად რუსეთის სდმპ (ბ)-ის კონფერენციაზე მათი გადამწყვეტი მხარდაჭერა მოიპოვა.

თუ ლენინი თავის დროზე პოლიტიკური პროპაგანდის მიზნებისთვის ეფექტურ ინსტრუმენტს - გაზეთს იყენებდა, დღეს მას მსგავსი საქმიანობა გაცილებით გაუადვილდებოდა. დღევანდელ დღეს „სისტემის“, გნებავთ, პოლიტიკური, ფინანსური თუ მედია „ისტებლიშმენტის“ წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსების საყრდენი სოციალური ქსელებია. და ისევე, როგორც ასი წლის წინ ლენინი, დღევანდელი რადიკალი, პოპულისტი ლიდერები „ხალხის“ მისამართით აპელირებენ. იმ „ხალხის“ მისამართით, რომლის ინტერესებს, თითქოსდა, მომხვეჭელობაში ჩაფლული და თბილ სკამებზე მზრუნავი „ელიტები“ ყურადღებას არ აქცევენ. ეს „ელიტები“ გლობალიზაციის სახელით ტრადიციულ ფასეულობებს აკნინებენ და ცივილიზებულ სამყაროს „იდენტობას ართმევენ“. შესაბამისად, ამ ბრძოლაში „ხალხის“ მოკავშირე ცალკეული, „სიმართლისთვის მებრძოლი“ ლიდერია. ხშირად და პარადოქსულად, ამ ლიდერთა უმრავლესობა თავადაც ელიტური წრეების წარმომადგენელია: მაგალითად, სიმდიდრესა და ფუფუნებაში გაზრდილი დონალდ ტრამპი და une fille à papa მარინ ლე პენი; ანდაც, მრავლისმნახველი პროფესიონალი პოლიტიკოსები - საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ფრანსუა ფიონი და ევროპარლამენტის ოთხგზის დეპუტატი ნაიჯელ ფარაჟი. თუმცა, ვინაიდან ამ პოლიტიკოსებს ხშირად „სისტემის“ მსხვერპლად მოაქვთ თავი, „ხალხის“ სიმპათიებიც მათ მხარესაა.

თავის მხრივ, „ხალხის“ ამგვარი, აქამდე არნახული ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში საკომუნიკაციო სისტემების ახალმა ტექნოლოგიურმა ზღვარმა განაპირობა. თუ ადრე საშუალო ამომრჩეველს იშვიათად ეძლეოდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია რომელიმე ტრადიციული მედიასაშუალების მეშვეობით, სოციალური მედიის გაჩენამ მას აზრის გამოთქმის შეუზღუდავი სივრცე შესთავაზა. იმავდროულად, კომუნიკაციების ამ ახალმა, თავისი არსით ინტერაქტიულმა ხასიათმა პოლიტიკური გზავნილის ბანალიზება და მოუმზადებელი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ამომრჩევლის მიერ ამ გზავნილის მასობრივად ტირაჟირება გამოიწვია. ამ მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქტიური ინტერნეტმომხმარებელი თავადაც საერთო კლიმატის განმსაზღვრელ, ერთგვარ პოლიტიკურ მოთამაშედ მოგვევლინა. ამ ახლებურ ვითარებაში ხსენებული ინტერნეტმომხმარებლის ბუნებრივ მოკავშირედ იმ ტიპის პოლიტიკოსი იქცა, რომელიც მანამდე ექსტრემისტ, მარგინალურ ტიპაჟად განიხილებოდა. ამ კატეგორიის პოლიტიკოსები არასდროს თაკილობენ უკიდურესად მარტივი აზროვნების მომხმარებელზე გათვლილი, პრიმიტივიზმის ზღვარზე მყოფი გზავნილების გამოქვეყნებას (მაგალითად, ორიოდე წლის წინ მარინ ლე პენის ტვიტმა გერმანიასა და ავსტრიას შორის საზღვრის კონტროლის გამკაცრების შესახებ - Bye Bye Schengen, რეტვიტებისა და მოწონებების მთელი ზვავი გამოიწვია, მაშინ, როდესაც დონალდ ტუსკის სერიოზული ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ, თითქმის უყურადღებოდ დარჩა) და ასეთი ხერხებით მომხრეთა მომრავლებას. ჯამში, პოპულისტი პოლიტიკოსები უპირატესობას მოიპოვებენ თავიანთი ზომიერი კოლეგების წინაშე სისწრაფის მხრივაც, ვინაიდან ეს უკანასკნელნი, ჩვეულებრივ, გამოქვეყნებამდე ყოველმხრივ აწონ-დაწონიან ხოლმე თავიანთ გზავნილს.

პოპულისტი პოლიტიკოსების საერთო მახასიათებელი ე.წ. მსხვერპლის პოზაში ყოფნაცაა. გეოგრაფიული თუ პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით, ისინი „მოძალადის“ როლს სხვადასხვა ტიპის „ისტებლიშმენტს“ – პოლიტიკურსა და ფინანსურ ელიტას, „მეინსტრიმულ“ მედიას, „ბრიუსელის ბიუროკრატიას“, „გლობალიზაციის მამებს“ და ა.შ. მიაკუთვნებენ ხოლმე. ჯამში, თანამედროვე პოპულისტური პროპაგანდა განასხვავებს „ჩვენ“-ჯგუფს („ხალხის“ მოკავშირე პატრიოტულ, სუვერენისტულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური ლიდერები) და „ისინი“-ჯგუფს (მრავალნაირი კოსმოპოლიტი ელიტები), ხოლო ამ ელიტისტურ ჯგუფებთან დაპირისპირება „სისტემასთან“ ბრძოლად მოიაზრება და განსაზღვრავს კიდეც საარჩევნო კამპანიების ტონალობას.

ცრუ (fake) მედიასთან, როგორც „სისტემის“ ნაწილთან დაპირისპირება დონალდ ტრამპის საკომუნიკაციო სტილის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებათაგანია. ეს დაპირისპირება იმთავითვე დეონტოლოგიური ხასიათის იყო: ცნობილია, რომ საარჩევნო კამპანიისას ტრამპი ძირითად აქცენტს ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართულ, ექსცენტრიკულ განცხადებებზე აკეთებდა. და, როდესაც მეინსტრიმული მედია „ტრამპიზმებად“ წოდებულ, ამ პროვოკაციულ განცხადებებს ყურადღებას არ აქცევდა, მილიარდერის ექსცენტრიზმები სოციალურ ქსელებში პოულობდნენ ნოყიერ ნიადაგს. ჯამში, ტრამპის მიერ ფეისბუკსა თუ ტვიტერში განთავსებული მოწინააღმდეგეთა დამამცირებელი, მაგრამ ასევე მიზოგინური, რასისტული და სხვა მსგავსი გამონათქვამები ქმნიდნენ სენსაციას და, გარკვეულწილად, რეიტინგის მაძიებელ სატელევიზიო არხებს მათი ავტორისთვის ეთერის დათმობას აიძულებდნენ. ყოველივეს შედეგად, ტრამპი მუდამ ახერხებდა მეინსტრიმული მედიის გამოყენებით საკუთარი კანდიდატურის ლეგიტიმიზაციას და, იმავდროულად, საყოველთაო ყურადღების ცენტრში დარჩენას. ხოლო, ამ თამაშში ძალაუნებურად ჩათრეული და სოციალურ ქსელებთან კონკურენციაში მყოფი ტრადიციული მედიასაშუალებები ინფორმაციის გავრცელების მონოპოლიასთან ერთად, „მოდარაჯის“ (gatekeeper), ანუ ამ ინფორმაციის ავკარგიანობის განმსაზღვრელი ინსტიტუტის თვისებასაც კარგავენ.

მედიასაშუალებების დემონიზაციის, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის პოპულისტური ტაქტიკა მიმზიდველი აღმოჩნდა ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. როგორც კი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ფრანგული მედია ე.წ. პენელოპაგეითზე (პრემიერმინისტრობის ხანაში ფრანსუა ფიონის მიერ საკუთარი მეუღლის ფიქტიურად დასაქმების გამოიება) ალაპარაკდა, მემარჯვენეთა კანდიდატმა „ხალხის“ მისამართით წამოიწყო აპელირება. „შვიდიდან შვიდი დღის, ოცდაოთხიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში ლაზერის სხივის ქვეშ მატარებენ“, შესძახა ფიონმა 9 თებერვალს, ქალაქ პუატიეში ჩატარებულ მიტინგისას. ამ მიტინგზე ფიონის მხარდამჭერთა აღშფოთებამ სრულიად სკანდალური ხასიათი მიიღო. კამერამ აღბეჭდა სცენა, თუ როგორ მიმართავს პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მხარდამჭერი იქ მყოფ ჟურნალისტს, ადარებს რა მას აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველს და „ნაცისტ-მკვლელებთან“ აიგივებს. მაგრამ, საგულისხმოა, რომ თუ ფრანსუა ფიონის ირგვლივ ატეხილმა აურზაურმა მემარჯვენე-ცენტრისტთა კანდიდატის იმიჯი დააზიანა, მსგავსმა სკანდალმა არათუ დაასუსტა, პირიქით გაამყარა „ნაციონალური ფრონტის“ წარმომადგენლის, მარინ ლე პენის რეიტინგი საკუთარ ამომრჩეველთა შორის.

ეს ყოველივე, ალბათ, FN-ის მომხრეთა სპეციფიკური მენტალიტეტით, გარე სამყაროს მიმართ განსაკუთრებულად ეჭვიანი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას. საუკეთესო პოპულისტურ ტრადიციებში, მარინ ლე პენიც მედიასაშუალებებისა და, ზოგადად, „სისტემის“ მსხვერპლად წარმოაჩენს ხოლმე თავს. „სისტემის“ განსახიერება მისთვის ევროპარლამენტი, ბრიუსელის ბიუროკრატია და, განსაკუთრებით, ბერლინის დომინანტური სულისკვეთებაა. ჯამში კი - ევროკავშირი, რომელსაც მიზნად „საფრანგეთის დაკნინება“ დაუსახავს. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ, როდესაც ევროკავშირის ანტიკორუფციული სამსახური (OLAF) ქ-ნი ლე პენის მიერ თანხების არამიზნობრივ გამოყენებაში დაეჭვდა (ევროდეპუტატმა ლე პენმა თანაშემწეების ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხით საკუთარი დაცვის სამსახური დააფინანსა), მისმა მომხრეებმა ეს ყველაფერი „სისტემის“ შურისძიებად მონათლეს და საკუთარი ლიდერის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი შემართებით დაირაზმნენ. მომხრეთა ერთგულებასა და თავდადებას უთუოდ ქ-ნი ლე პენიც სათანადოდ აფასებს. ყოველ შემთხვევაში, მისი საარჩევნო ლოზუნგი სხვა არაფერია, თუ არა - „ხალხის სახელით!“. საგულისხმოა, რომ ტრადიციულ მედიასაშუალებებს, კერძოდ, მსხვილტირაჟიან პრესას კიდევ ერთი ფრანგი პოლიტიკოსი, უკიდურესად მემარცხენე პოზიციებზე მყოფი ჟან-ლუკ მელანშონი უპირისპირდება. მეამბოხე სოციალისტისთვის გაზეთი „ლიბერასიონი“ – „ლიბერალების ფეხქვეშ გაფენილი ნოხია“, ხოლო ცენტრისტული „მონდი“ – „ამერიკის საელჩოს განშტოება“.

საერთოდ, ყველა დროის პოპულისტი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი პროვოკაციული გამონათქვამები და ლოზუნგები, სოციალური ქსელების გაჩენასთან ერთად რეიტინგის ზრდის საუკეთესო საშუალებად იქცა. ამ რამდენიმე წლის წინ კომიკოსისა და წარმატებული ბლოგერის, ბეპე გრილოს „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ კორუმპირებულ ისტებლიშმენტთან ბრძოლის საბაბით იტალიის ქალაქებში მოაწყო აქცია - V-Day. თუმცა, აქციის სახელში იგულისხმებოდა არა ტრადიციული Victory („გამარჯვება“), არამედ ელიტების მისამართით გამოთქმული, უხამსი Vaffanculo. თავის მხრივ, ნიდერლანდის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის, ხეერტ ვილდერსის სამიზნე ისლამური ფუნდამენტალიზმია. მისი თქმით, მუჰამედს დღეს რომ ეცხოვრა, მასზე - „როგორც ტერორისტზე“ ინადირებდნენ. ხოლო, ყურანი „ფაშისტური წიგნია“ და ამიტომ, იმ მუსლიმებს, რომლებსაც ჰოლანდიაში ცხოვრება სურთ, ვილდერსი ყურანიდან „ნახევარი წიგნის ამოხევას“ ურჩევს. ახლად ჩამთავრებულ საპარლამენტო არჩევნებში „კაპიტანმა პეროქსიდმა“ (ქერად შეღებილი თმის მიხედვით) სერიოზული კონკურენცია გაუწია მოქმედ პრემიერმინისტრს, მარკ რიუტეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ვილდერსი ექსტრემისტი-პოპულისტების უმრავლესობისგან განსხვავებით, ლიბერალური ფასეულობებისთვის იბრძვის. ანუ, ის „ისლამისტებისგან“ ერთნაირსქესიანი ქორწინებების, სქესობრივი თანასწორობის და მისი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სხვა უფლებების დაცვას ითხოვს.

ეროვნული და კულტურული იდენტობის, ასევე ევროკავშირის ხაზინაში გადარიცხული „უსამართლო“ ფინანსური კონტრიბუციის თემებს წარმატებით მუსირებდა სოციალურ ქსელებში „ბრექსიტის“ ერთ-ერთი ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი. ნიშანდობლივია, რომ ფეისბუკსა და ტვიტერში გამოქვეყნებული გზავნილების შერბილების, უფრო მეტად ცენტრისტული პოზიციების დაკავების შედეგად, ფარაჟმა შეძლო „გადამდგარი პოლკოვნიკების პარტიად“ წოდებული UKIP-ის გარდაქმნა, მასში ახალი, ახალგაზრდა მომხრეების მოზიდვა. ჯამში, UKIP-ის მიერ ონლაინ გამართული დებატები ქმნიდნენ „ნიუსებს“, იზიდავდნენ ტრადიციულ მედიასაშუალებებს და ერთგვარად აბალანსებდნენ მსხვილი ბრიტანული პარტიების, კონსერვატორთა და ლეიბორისტთა სისტემურსა და ფინანსურ უპირატესობას. ფარაჟის მსგავსად, რომელმაც ბრიტანული პოლიტიკური პეიზაჟი შეცვალა, გერმანელი სოციალ-დემოკრატების რიგებში ყოფილი ბუკინისტის, პროფესიონალი ფეხბურთელის და პატარა ქალაქ ვიურზელენის უდიპლომო მერის, მარტინ შულცის გამოჩენამ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოულოდნელი ინტრიგა შესძინა. შულცის პოპულარობას, ერთი მხრივ, ევროპარლამენტში სილვიო ბერლუსკონისა და ბრიტანელ გოდფრი ბლუმთან შეხლა-შემოხლა, მეორე მხრივ კი, მისი საკომუნიკაციო თვისებები განაპირობებს. თუმცა, დანარჩენ ევროპაში პოპულისტ-კოლეგებისგან განსხვავებით, „ხალხის წიაღიდან“ გამოსული შულცი ევროფილია. შესაბამისად, ლიბერალურმა „ზიუდოიჩე ცაიტუნგმა“ მას „პოლიტკორექტული პოპულისტი“ უწოდა, ხოლო შულცის ტრამპისეული ლოზუნგი - MEGA (Make Europe Great Again), საარჩევნო კამპანიაში თანამემამულეთა განწყობებსაც ასახავს.

დაბოლოს, მარტინ შულცისა და ხეერტ ვილდერსის საპატიო გამოკლებით, დასავლელი პოლიტიკოსების ამ ახალი ტალღისთვის დამახასიათებელი ნიშანი ვლადიმირ პუტინისადმი ერთობ პოზიტიური დამოკიდებულებაა. ტრამპისეული „დეტანტის“ ძიებებსა და თვითგამორკვევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ევროპული პოპულისტური პარტიებისთვის ძვირფასი თემები - ემიგრაციის მკაცრი კონტროლი, გლობალური ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის დემონტაჟის მცდელობა (რაც პრობლემურს ხდის NATO-სა და ევროკავშირის მომავლის პერსპექტივას), კულტურული ლიბერალიზმისა და ტრადიციული სეკულარიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, ის საკითხებია, რომელთა იდეური სულისჩამდგმელი სწორედ რუსეთის პრეზიდენტია. „მოდელი, რომელსაც პუტინი იცავს და რომელიც ჯანსაღ პროტექციონიზმს, ეროვნული ინტერესების წინწამოწევას, იდენტობის შენარჩუნებას გულისხმობს, ის მოდელია, რომლის დაცვას ჩემს ქვეყანაში ვაპირებ“, - ამბობს მარინ ლე პენი. ასეთი განცხადებების ფონზე, ფრანგული „ეროვნული ფრონტისადმი“ კრემლის საპასუხო სიმპათიებიც მკაფიოდ იკვეთება: ულტრამემარჯვენეთა პარტიას უხვად გაეცა კრედიტები მოსკოვის მიერ კონტროლირებული „ჩეხურ-რუსული ბანკის“ მიერ, ხოლო ასევე მოსკოვის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებები დაუღალავად ეწევიან საპრეზიდენტო არჩევნებში ქ-ნი ლე პენის უშუალო მეტოქის, ემანუელ მაკრონის პიროვნულ დისკრედიტაციას.

თუმცა, თუ „ნაციონალური ფრონტისადმი“ კრემლის ფინანსური კონტრიბუცია დადასტურებული ამბავია, მსგავსი „წახალისების“ ეჭვები სხვა მრავალ ევროპულ პოპულისტურ პარტიასთან მიმართებითაც არსებობს. განურჩევლად იდეოლოგიური ორიენტაციისა, ეს პარტიები შესაძლოა, იყვნენ მემარცხენე ბერძნული „სირიზა“ და ესპანური „პოდემოსი“, მემარჯვენე უნგრული „იობიკი“ და ავსტრიული „თავისუფლების პარტია“. პუტინისადმი სითბოს ღიად გამოხატავენ ცალკეული ევროპელი ლიდერებიც: უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ფარგლებში „არალიბერალური სახელმწიფოს“ მშენებლობისთვის იღვწის, ხოლო ნაიჯელ ფარაჟმა ისიც თქვა, რომ პუტინი მისთვის ყველაზე „სათაყვანებელი“ მსოფლიო ლიდერია.

ჯამში, დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ექსტრემისტული, ანტილიბერალური ტენდენციების მომძლავრება სრულებით თვალსაჩინოა. NATO-ში პრეზიდენტ ობამას დროინდელი წარმომადგენლის, აივო დაალდერის თქმით, „ჩვენ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ, რომელსაც გაცილებით მეტი აქვს საერთო 1920-30-იან წლებთან, ვიდრე ოცდამეერთე საუკუნესთან. ეს გარდამტეხი ფაზაა, როდესაც პოპულისტური მოძრაობების წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებული საერთაშორისო წესრიგის სიცოცხლისუნარიანობას“.

ამ მხრივ, თანამედროვე პოპულისტების საკომუნიკაციო მეთოდებსაც „აპრილის თეზისებთან“ მეტი საერთო აქვთ, ვიდრე დასავლური დემოკრატიებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელ, ლიბერალურ მიდგომებთან.

 

კომენტარები