საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მარინ ლე პენი კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა

Mikhail Klimentyev/Tass

ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი დღეს, კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საფრანგეთთან ურთიერთობებს, თუმცა არ სურს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საფრანგეთთან ურთიერთობებს. ჩვენ არ გვსურს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოვახდინოთ, თუმცა უფლებას ვიტოვებთ კონტაქტი გვქონდეს საფრანგეთის პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელთან", - თქვა პუტინმა.

მარინ ლე პენმა კი აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ტერორიზმის თავიდან ასარიდებლად.

"იცით, რა მოხდა ლონდონში. ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის", - თქვა ლე პენმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. მასში ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი იქნებიან. გამოკითხვების მიხედვით არჩევნების პირველი ტურის ფავორიტად დიდი ხნის განმავლობაში მარინ ლე პენი მიიჩნეოდა, მეორე ტურის ფავორიტად კი - ემანუელ მაკრონი, თუმცა უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მაკრონმა შესაძლოა არჩევნების პირველ ტურშიც გაიმარჯვოს. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს შედგება.

კომენტარები