რუსთავი 2

ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, TV საქართველოს 51% R2-ის კოლექტივს გადასცენ

რუსთავი 2

ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, რუსთავი 2-ის კოლექტივს შპს TV საქართველოს საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ნიკა გვარამიას ბრიფინგს, რომელიც გაიმართა ჩვენი გუშინდელი შეთავაზების საპასუხოდ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის.

ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ.

გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება "პრაქტიკულად, არ ცვლის საქმის ვითარებას". რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც.

არ გვინდა, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია "საქართველოში", რომელიც თავის მხრივ არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა.

გთავაზობთ, ამით დასრულდეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და გადავიდეთ კონსულტაციების საქმიან რეჟიმში, როგორც ჩვენს თავდაპირველ განცხადებაში იყო შემოთავაზებული, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის კოლექტივმა ძმები ყარამანიშვილის შეთავაზებაზე უარი თქვეს, რაც მათი კუთვნილი 40%-იანი წილის კოლექტივისთვის გადაცემას გულისხმობდა.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღადებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე", - თქვა გუშინდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.

კომენტარები