კორუფცია

სასამართლო: ფადი ასლის განცხადება, თითქოს მოსამართლე კორუმპირებულია ცილისწამებაა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, მოსამართლე რომელმაც თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს - ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ოდენობის ჯარიმები დააკისრა კორუმპირებულია. ასლის ინფორმაციით, სავაჭრო პალატამ აღნიშნულ საქმეებზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარიც შეიტანა. 

ფადი ასლის თქმით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს ეხება, რომელმაც "სრულიად დაუჯერებელი" გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამი წევრის - ფილიპ მორის საქართველოს, ბრითიშ ამერიკან ტობაკოსა და ტერაბანკის საქმეებზე.

ფადი ასლის განცხადებას საქალაქო სასამართლომ უპასუხა, სასამართლოს ფადი ასლის მოუწოდებს "თავი შეიკავოს მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების კეთებისგან".

საქალაქო სასამართლოს განცხადება:

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მხრიდან მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება, ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორს გააჩნია მოსამართლის მხრიდან კორუფციული ქმედების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, იგი არამხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მიმართოს შესაბამის უწყებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ამავე საქმეებზე ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება", - წერია განცხადებაში.

სასამართლოში კორუფციის რისკებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა ორშაბათს მრგავლი მაგიდის გამართვას გეგმავს, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივარზე დააჯარიმა.

კომენტარები