საქართველოს საპატრიარქო

რექტორთა საბჭო: თავიდან უნდა ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში უმართებულო ჩარევა

www.facebook.com/AleksandreJejelava

რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, რათა "თავიდან ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში საერო საზოგადოების უმართებულო ჩარევა".

ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს სხდომა 15 მარტს გაიმართა, სადაც საბჭომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება მიიღო.

განცხადებაში რექტორთა საბჭო გამოთქვამს რწმენას, რომ ეკლესია "ღირსეულად გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს".

"რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში საერო საზოგადოების უმართებულო ჩარევა, რექტორთა საბჭო გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მისი მეთაურის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის წინამძღოლობით ღირსეულად გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რექტორთა საბჭო ულოცავს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკოს-პატრიარქს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.

"რექტორთა საბჭო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს ქართველი ერის ცხოვრებაში. მისი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა ბოლო 40 წლის მანძილზე, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის დროს.  
რექტორთა საბჭო შეშფოთებით ადევნებს თვალს, უკანასკნელ ხანს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, მისი მეთაურის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, ულოცავს მას ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის საუბარი იმსჯელა თუ არა რექტორთა საბჭომ სხვა საკითხებზე.

კომენტარები