რუსთავი 2-ის საქმე

სააკაშვილი: ტელევიზიები უნდა მართონ მათ, ვინც ქმნიან ტელეპროდუქციას

World Bank/Roxana Bravo

რუსთავი 2-ის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების თანამშრომლებისთვის გადაცემის შესახებ საკუთარ FB გვერდზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ რუსთავი 2 და სხვა ტელევიზიებიც ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა უნდა მართონ, ვინ ტელეპროდუქციას ქმნის.

"ფბ-ზე ვადევნებ თვალს რუსთავი 2ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული რუსთავიორელის გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით. 

მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი.მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი, როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის, რომ მას, როგორც მენეჯერს დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია.

ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას.

ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი. ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - რუსთავი 2ს"- წერს სააკაშვილი,

ტელეკომპანიის ცნობით, რ2 -ის თანამშრომლების აზრით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია". შპს ტელეკომპანია საქართველოს წილების მფლობელი იქნება.

ამასთან, ძმები ყარამანიშვილების აზრით, მათი ინიციატივა რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივისთვის წილების გადანაწილებას ითვალისწინებდა, გვარამიას განცხადება შპს-ს შექმნის თაობაზე კი, ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების დიდი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის კოლექტივს შპს TV საქართველოს საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

კომენტარები