რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა

ლე პენი: რუსეთი ყირიმში არ შეჭრილა. ყირიმი ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო

Mikhail Klimentyev/Tass

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ, Cnn-თან ინტერვიუში, საფრანგეთისა და რუსეთის მოკავშირეობაზე ისაუბრა.

"რუსი ერი ძალიან ძლიერი ერია, მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. იმის და მიუხედავად, მომწონს თუ არა ეს არჩევანი, არაფერი იცვლება. უნდა იყოს თუ არა რუსეთი მაგალითი საფრანგეთისთვის? არა. უნდა იყოს თუ არა რუსეთი საფრანგეთის მოკავშირე? კი. იგივე შემთხვევაა აშშ-სთანაც", - ამბობს მარინ ლე პენი.

მარინ ლე პენის თქმით, რუსეთს ყირიმის ანექსია არ მოუხდენია და ყირიმი ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო.

"რუსეთი ყირიმში არ შეჭრილა. ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილია, ეს ყოველთვის ასე იყო. ყირიმის მოსახლეობა თავს რუსად თვლის. ხალხის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ისინი რუსეთს ეკუთვნიან. ასე, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით დემოკრატები მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ეს გვაწყობს, ხოლო როცა არ გვაწყობს დემოკრატიის პრინციპები უგულებელვყოთ ",- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა.

ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სრულ სისულელეს უწოდებს.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სრული სისულელეა. სანქციებმა ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა, ვერ გააუმჯობესა ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობა. შედეგად მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები მივიღეთ. სანქციები უაზროა", - აღნიშნა ლე პენმა.

რუსეთის პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა კრემლში 24 მარტს გაიმართა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნებში ოთხი მთავარი კანდიდატია - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და ცენტრისტი ემანუელ მაკრონი.

კომენტარები