გარევაჭრობა

მერიამ კოლმეურნეობის მოედანსა და ბარათაშვილზე გარემოვაჭრეების დახლები დაშალა

თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს. 

უწყების ცნობით, გრძელდება უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემოდათ, შესაბამისად დღეს მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ გამოჩენილან", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.


ფოტო: თბილისის მერია

მათივე ინფრმაციით, უკვე გაიმართა მოლაპარაკებები ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილს დაუთმობს.

"ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის", - აცხადებენ მერიაში.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ.

მერიის ინფორმაციითვე, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

"გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. დედაქალაქის მერია ანალოგიური სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლება 19 მარტიდან აღარ მისცა. ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციები აიღო. მერია იმავეს აპირებს თბილისის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზე.

კომენტარები