ვიზალიბერალიზაცია

მერია "ახალ ტფილისში" ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებებს მართავს

Reuters

თბილისის მერია „ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებებს მართავს.

უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:

  • 12:00 საათიდან - „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ - უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა.
  • ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ; სტუმრების განწყობაზე მიმებიც იზრუნებენ.
  • მთელი დღის განმავლობაში, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილ დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ-მზარეულები გაუმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ასევე, ევროპულ კერძებს შესთავაზებენ.
  • 15:00 საათიდან ყველაზე სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება - ვისაც ოდესმე ორკესტრის დირიჟორობაზე უოცნებია, ამ დღეს ოცნებას აიხდენს.
  • 15:00 საათზე თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი” გაიმართება;
  • 18:00 საათზე ქართული ჯგუფი The Black Marrows დაუკრავს;
  • დღესასწაულის კულმინაცია კონცერტი იქნება, სადაც ყველასთვის კარგად ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება - ფრანგული ვალსი, იტალიური კინომუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, ევროპული ჰანგები სტუმრებს მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან.

საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ხვალ, 27 მარტსაც. მერიის ინფორმაციით, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ხარჯები ამ დრომდე უცნობია. თბილისის მერიამ ტაბულას ურჩია საჯარო ინფორმაცია გამოეთხოვა, რასაც "კანონით დადგენილი წესით, 10 დღეში" მოგვაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლას შეძლებენ. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 8 მარტს გამოქვეყნდა.

იხილეთ სტატია >> როგორ ვისარგებლოთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით

კომენტარები