რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია ყარამანიშვილებს: წილების გადმოცემა თვალის ასახვევად არ გამოვა

ტაბულა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ძმებ ყარამანიშვილების დღევანდელ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვით, შპს-ს დაფუძნება არ განიხილება და ხვალიდან თანამშრომლებთან პირდაპირი კონსულტაციები დაიწყება.

ნიკა გვარამიას თქმით, "წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას".

მისივე თქმით, ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა მითიური დივიდენდებით ცუდი საქციელია.

"მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში. ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

ტელევიზიის გენერალური დირექტორი ყარამანიშვილების შეთავაზებების ქრონოლოგიასაც აქვეყნებს და წერს, რომ გაუგებარია რა განზრახვით დაიწყეს მათ ეს ყველაფერი და რა იყო მათი შეთავაზების მიზანი.

"საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვითან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?", - ამბობს გვარამია.

მისი განმარტებით, შპს-ს შექმნის მიზანია არ მოხდეს ცალკეული პირების მხრიდან წილებზე ნადირობა და გადაბირება.

"ქრონოლოგია იყო ასეთი:
1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)
2. ვუპასუხეთ უარიათ და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში)
3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%
4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა - შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)
5. პასუხად მივიღეთ - ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო ("ცუდად გაშუქება" არ შეესაბამება სინამდვილეს)", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "TV საქართველოს" 51%-იანი წილის მესაკუთრეები, ძმები ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ არანაირი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება და ხვალიდან რუსთავი 2-ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმზე გადადიან.

გარდა ამისა, ყარამანიშვილები ამბობენ, რომ მათი გუშინდელი განცხადება არხს პრაქტიკულად არ გაუშუქებია, მაშინ, როცა გენერალური დირექტორის თათბირს დაეთმო დრო.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს შპს "TV საქართველოს" საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისმხობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

გუშინ, 25 მარტს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილების შეთავაზებას "ტელეკომპანია საქართველოს" საკონტროლო პაკეტის გადაცემის თაობაზე იღებს. მისი თქმით, ორშაბათს, 27 მარტს დაფუძნდება შპს, რომლიც იქნება აღნიშნული წილის მფლობელი. მოგვიანებით, გვარამიას განცხადებას უპასუხეს ყარამანიშვილებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ შპს-ის შექმნა ეწინააღმდეგება ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების უმრავლესობის ნაწილს. ასევე, ეს არის "უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა".

მიუხედავად ამ განცხადებისა, რუსთავი 2-ში გაიმართა თანამშრომელთა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ დაფუძნდება შპს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია", რომელიც "TV საქართველოში" ძმებ ყარამანიშვილების 51%-იანი წილის მმართველი იქნება. ახალ შპს-ში რუსთავი 2-ის 40 წარმომადგენელი იქნება, თითოეული მათგანი 2.5%-იანი წილით. ტელეკომპანიის ცნობით, თანამშრომლების აზრით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და ამიტომ, უნდა შეიქმნას შპს. თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩიეს წარმომადგენლები შპს-ში. რუსთავი 2-ში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, რაც ჟურნალისტთა ნაწილმა მოგვიანებით გააკრიტიკა.

კომენტარები