რუსეთი

აშშ და ევროკავშირი რუსეთს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ნავალნი და დემონსტრანტები

ალექსეი ნავალნი
Reuters

აშშ-მ რუსეთში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილე მოქალაქეების დაკავების გამო, შეშფოთება გამოთქვა.

"აშშ გმობს ასობით უდანაშაულო დემონსტრანტის დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაკავება არ შეესაბამება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დემონსტრაციაზე მისვლისთანავე დააკავეს. ასევე შემაშფოთებელია ის, რომ ორგანიზაციებში, რომლებიც კორუფციას ებრძვიან, პოლიციური რეიდები ჩატარდა. აშშ განაგრძობს სიტუაციაზე დაკვირვებას და ამასთანავე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

რუსეთის მთავრობას აქციის მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურმაც

მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეების დაკავება და აქციის ჩატარების აკრძალვა სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების უფლებების დარღვევაა.

"რუსეთის პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციები, კერძოდ, აქციის დარბევის მცდელობა და ასობით მოქალაქის, მათ შორის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავება, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაა. რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. მათ შორის ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები", - წერია განცხადებაში. 

გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და სულ მცირე 500 დემონსტრანტი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის ორგანიზატორის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კომენტარები