თავისუფლების აქტი

უფლება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა კარგავს

benjielayug.com

საქართველოს მოსახლეობას 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე მიეცა ახალი ტიპის უფლება - მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობას ახალი სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღების უფლება არ აქვს. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობამ, თუ ის გადასახადების ზრდას, ან ახალი გადასახადის შემოღებას გეგმავს, რეფერენდუმი უნდა გამართოს.  მთავრობამ თებერვალში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლითაც დაწესდება ახალი ტიპის - საპენსიო შენატანის გადასახადი, ამ შემთხვევაში მოსახლეობა კარგავს უფლებას აღნიშნული გადასახადის შემოღებას რეფერენდუმით დაუჭიროს/არ დაუჭიროს მხარი. 

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

რას გეგმავს მთავრობა და საკონსტიტუციო კომისია:

მთავრობა 2018 წლიდან ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შემოღებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში დასაქმებულები, როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, ნებაყოფლობითად, საკუთარი ანაზღაურების 2%-ს საპენსიო ფონდში გადარიცხავენ, ეს კი ქვეყანაში ახალი სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებად შეიძლება ჩაითვალოს, რისთვისაც რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. 

როგორ მუშაობს საპენსიო სქემა (არსებული პროექტის მიხედვით)

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს, შესაბამისად, სისტემის გარეთ დარჩებიან თვითდასაქმებული მოქალაქეები. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს
  • თუ დასაქმებული ფონდში გაწევრიანდება, მისი დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

რეფორმის მიხედვით, ნებაყოფლობითობა მხოლოდ დასაქმებულს შეეხება, თუ დასაქმებული საპენსიო სისტემაში ჩაერთვება, მის დამსაქმებელს სავალდებულო პრინციპით უჩნდება ვალდებულება, რომ დასაქმებულის ხელფასის 2% საპენსიო ფონდში გადარიცხოს, ეს კი დამსაქმებლისთვის ახალი გადასახადის დაწესებას ნიშნავს. 

2017 წლის ბიუჯეტით მთავრობამ პრაქტიკულად ყველა გადასახადი გაზარდა, რისი ზრდის საშუალებაც მას კონსტიტუციის მიხედვით ჰქონდა. გადასახადების შემცირებისკენ გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი მოგების გადასახადის რეფორმა იყო.

კომენტარები