რუსეთი

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ჯარიმის სახით 20 000 რუბლის გადახდა დააკისრა

Reuters

მოსკოვში, ტვერის რაიონულმა სასამართლომ, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი არასანქცირებული აქციის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ ნავალნის ჯარიმის სახით, 20 000 რუბლის [352 დოლარი] გადახდა დააკისრა.

"ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, მათ ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, მაგრამ ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ გვქონდა უფლება, აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ", - განაცხადა ნავალნიმ სასამართლოში.

ნავალნის სასამართლოდან Twitter-ის გვერდზე სელფიც გამოაქვეყნა. "მოგესალმებით ტვერსკოის სასამართლოდან. დადგება დრო, როდესაც ჩვენ გავასამართლებთ მათ (თუმცა ამჯერად მართლა)", - წერს ნავალნი.

გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და სულ მცირე 500 დემონსტრანტი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

კომენტარები