ავტოსაგზაო შემთხვევა

სასამართლო: ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ნარკოლოგიური საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გარდა ამისა, სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ.ტ. 2016 წლის ნოემბერშიც დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს. 

"2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
 
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე  გაიმართება.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თ. ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანა დედა-შვილს 22 მარტს შეეჯახა. მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროდმე მძიმეა. შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ. ბრალდებულის სახით 25 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ის გადაჭარბებული სიჩქარით და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, შეეჯახა სხვა ავტომანქანას, რომლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ ორ ადამიანს დაეჯახა. 

კომენტარები