მენინგიტი

ნიგერიაში მენინგიტის ეპიდემიას სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა

Getty Images

ნიგერიის რამდენიმე შტატში მენინგიტის ეპიდემიის გავრცელებას სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ კვირაში ნიგერიის 6 შტატში 1000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

მენინგიტის ეს ფორმა იწვევს ტვინის გარე ფენებისა და ზურგის ტვინის მწვავე ანთებას.

მენინგიტის მსგავსი მასშტაბის ეპიდემია ბოლოს ნიგერიაში 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც დაავადებას სულ მცირე 156 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის აფრიკის რეპორტიორის თქმით, დაავადების გავრცელება უკონტროლო გახდება, თუკი ინფექციამ ლტოლვილთა ბანაკებში, ციხეებსა და პოლიციის კამერებში შეაღწია.

მენინგიტისგან თავის დაცვის ეფექტური გზა ვაქცინაციაა, თუმცა ნიგერიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მენინგიტის ეს ფორმა ნიგერიაში მეზობელი ქვეყნიდან შევიდა და განსხვავებული ტიპის ვაქცინას საჭიროებს.

მენინგიტის გავრცელებას ხელს უწყობს ნიგერიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ცივი ღამეები, მტვრიანი ქარები, მშრალი ამინდი, ცუდი ჰიგიენა და მოსახლეობის გადაჭარბებული რაოდენობა.

კომენტარები