ჩქაროსნული მაგისტრალი

ADB-მა საქართველოს ბათუმის შემოვლითი მაგისტრალისთვის $114 მილიონი გამოუყო

ბათუმი
georgia.travel

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა $114 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი საქართველოში ტრანსპორტის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 14.3 კილომეტრის სიგრძის შემოვლითი გზა, რომელიც გვერდს აუვლის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მდებარე ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო-სავაჭრო კვანძს - საპორტო ქალაქ ბათუმს. დაფინანსების ფარგლებში ასევე გაფორმდება 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის ხელშეკრულებები.

“საქართველოს გააჩნია შესაბამისი მონაცემები, გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრი კავკასიის რეგიონში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ზრდას და განვითარებას“, განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა, “აზიის განვითარების ბანკი მიზნად ისახავს, პროექტის საშუალებით შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებისა და მდგრადი საგზაო ქსელის ჩამოყალიბების საკითხებში”.

ახალი ორზოლიანი შემოვლითი გზა, რომელიც იწყება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზიდან და სრულდება ბათუმი-ახალციხის არსებული გზის გასაყართან, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკმა $2.1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოში ოპერაციების დასაფინანსებლად.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. ბანკი 1966 წელს დაარსდა. იგი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია.

კომენტარები