ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

უნგრეთში ორბანის მთავრობა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას გეგმავს

hungarianfreepress.com

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) შესაძლოა დაიხუროს. ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა, მაიკლ იგნატიევმა საჯარო წერილი პროფესორებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისწერა.

წერილის მიხედვით, უნგრეთის ხელისუფლება და პრემიერმინისტრ ორბანის მეთაურებობით აპირებს, შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ემუქრება უნივერსიტეტის არსებობას.

"იმის მტკიცება, რომ ჩვენ არ გვაქვს პროგრამის აკრედიტაცია, არის მთლიანად სიცრუე. ასევე ყალბია იმის მტკიცება, რომ ჩვენი ვალდებულებები არ ემთხვევა საჯარო რეესტრის მონაცემებს. ჩვენი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აკრედიტებულია როგორც უნგრეთის ხელისუფლების, ასევე ნიუ იორკის შტატის მიერ. უნივერსიტეტის აკრედიტაცია Middle States Commission-ის მიერ კონტროლდება, რომელიც ასევე, ისეთი უნივერსიტეტების მაკონტოლებელი კომისიაა, როგორიც პრინსტონისა და UPenn-ის უნივერსიტეტებია. რაც ყველაზე მთავარია, ცრუ ბრალდებები და კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები უნგრეთის პარლამენტის წევრებისგან ისმის, რომლებსაც უნდათ, რომ შეუძლებელი იყოს, CEU-მ გააგრძელოს საქმიანობა უნგრეთში და გასცეს დიპლომები, რომლებიც აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე აშშ-ში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა დისკრიმინაციულია და მხოლოდ ერთი ინსტიტუციის წინააღმდეგაა მიმართული. ანუ, იმის წინააღმდეგ, რასაც CEU ოცწლეულის განმავლობაში აკეთებს და ამ ხნის განმავლობაში ის სრულ შესაბამისობაშია უნგრეთის კანონმდებლობასთან", - წერს იგნატიევი საჯარო წერილში.

როგორც უნგრეთის ადამიანის რესურსების სამინისტროში ჟურნალისტებს გუშინ განუცხადეს, უნგრეთში რამდენიმე უნივერსიტეტი "უკანონოდ" ფუნქციონირებს და ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა "დარღვევები" რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში.

"ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ იქნება უნგრეთის კანონზე მაღლა", - აცხადებენ უწყებაში.

უნგრეთის ადამიანის რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება შემოიღებს რეგულაციებს, რომლებიც უნგრეთში გაურთულებს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ დარეგისტრირებულ უნივერსიტეტებს დიპლომების კურსდამთავრებულებისთვის გაცემას.

კომენტარები