საქართველოს სამეფო სახლი

საქართველოს "სამეფო ოჯახმა" დედოფალ ელისაბედ II-ს ძღვნად სამეფო ორდენი გადასცა

საქართველოს "სამეფო ოჯახმა" გაერთიანებული სამეფოს მონარქს ელისაბედ II-ს საჩუქრად სამეფო ორდენის დიდი ყელსაბამი გადასცა.

8 მარტს "სამეფო ოჯახის" წარმომადგენლები, მათ შორის დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, კენსინგტონის სასახლეში იმყოფებოდნენ. ქართველ სტუმრებს გლოჩესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უმასპინძლეს და დედოფლის სახელით "საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უკერველი კვართის სამეფო ორდენიც" მიიღეს.

"სამეფო დელეგაციის" ვიზიტით ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail დაინტერესდა და მას სტატიაც მიუძღვნა, რომლის სათაურში დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი “ჯამბაზ პრინცად“ არის მოხსენიებული.

გამოცემა ეტიკეტის დარღვევაზე მიუთითებს - The Daily Mail-ს ბუკინგემის სასახლის შიდა წყარომ უთხრა, რომ ორდნის გადაცემა „უცნაურია“, რადგან ეწინააღმდეგება ტრადიციას, რომლის მიხედვით, მსგავს საჩუქრებს დედოფალს სახელმწიფოების მეთაურები გადასცემენ.

კიდევ ერთი რესპონდენტი, ისტორიკოსი უგო ვიკერი ამბობს, რომ “დედოფალი, როგორც წესი, ორდენებს და მოსართავებს მხოლოდ სახელმწიფოს მმართველისგან იღებს, ასევე, ძღვენი ხშირად დაკავშირებულია ხოლმე ვიზიტთან”.

რადგან დედოფალი ელისაბედ II საქართველოში ვიზიტს არ გეგმავს, ვიკერსი საჩუქრის გადაცემის მიზეზს ვერ ხედავს.

„არ ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, მაგრამ სანამ დედოფალს ძღვენის მიღების კარგი მიზეზი არ აქვს, მისი მიღება სირცხვილია“, - ამბობს ისტორიკოსი.

სტატიის მიხედვითვე, ბუკინგემის სასახლეში ირწმუნებიან, რომ ძღვენი საგარეო უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს და ყველაფერი წესის დაცვითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მოხდა.

ტაბულა დაინტერესდა, იცოდა თუ არა საქართველოს მთავრობამ ამ ვიზიტის შესახებ და მართლაც უჭერდა თუ არა მხარს. საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებში გვეუბნებიან, რომ ამის შესახებ აქამდე არაფერი სმენიათ.

 

კომენტარები