ავტოავარია

ავტოავარიაში მონაწილე მძღოლს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ShutterStock

გორის რაიონულმა სასამართლომ ავტოავარიაში მონაწილე მძღოლს, რა დროსაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ავტოავარია 2016 წლის 18 მაისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე, სოფელ ოკამთან მოხდა.

"მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გოგიტა ჩქოფოიამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რის შედეგადაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბეტონის ზღუდეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა გოგიტა ჩქოფოია სასამართლო განჩინების საფუძველზე 20 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ბრალდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას.

"ბრალდებული განმარტავდა, რომ საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა. გორის რაიონულმა სასამართლომ გოგიტა ჩქოფოია სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები