კორუფცია

ასლი: ICC-ის წევრებისთვის მოსამართლის ხელით $150 მლნ-ის გამოძალვა უნდოდათ

0 კომენტარი
ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფოტო: facebook.com/iccgeorgia

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე ფადი ასლი ორგანიზაციის წევრი კომპანიების, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდების - ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს დაჯარიმების საქმეებსა და ტერაბანკის გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე განცხადებას ავრცელებს. ფადი ასლის თქმით, სამივე ამ საქმეში თაღლითმა ბიზნესმენებმა საკუთარი მიზნის მისაღწევად კორუმპირებული მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე გამოიყენეს.

ფადი ასლის მიმართვა:

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამ წევრს ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს ბიზნესმენებმა, რომლებმაც საკუთარი მიზნის მისაღწევად - სამივე კომპანიისგან თაღლითურად მიეღოთ $150 მილიონი დოლარი - ერთი და იგივე კორუმპირებული მოსამართლე გამოიყენეს. 

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ 24 მარტს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იმავე დღეს, მე მივეცი ინტერვიუ ტელეკომპანია პირველს აღნიშნული მოსამართლის კორუმპირებულობის შესახებ და, ზოგადად, საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების რეკეტირების შესახებ.

იგივე გამოთქმები გამოვიყენე პრესკონფერენციაზე 2017 წლის 27 მარტსაც. მე კარგად მომეხსენება, რომ ჩემ მიერ მოსამართლე კაკაბაძის კორუფციული საქმიანობის დაგმობამ ფარდა ახადა მათ ბინძურ თამაშებს, ვისაც სურს სამი უცხოური კომპანიის დარეკეტება. შესაბამისად, ჩემმა განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყანა მათ დანაშაულებრივ განზრახვას.

20 წელზე მეტია, რაც მე ვხელმძღვანელობ წამყვან ბიზნესორგანიზაციებს საქართველოში და მრავალ მსგავს სიტუაციას შევხვედრილვარ. მივმართავ საზოგადოებას, დააკვირდნენ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დანაშაულებრივად მოაზროვნეები, რომლებიც გეგმავდნენ უცხოური კომპანიების ხარჯზე ფულის გაკეთებას, ორგანიზებას გაუკეთებენ ჩემ წინააღმდეგ მიმართულ მედიაკამპანიას, რათა შელახონ ჩემი რეპუტაცია. გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან გამოიყენონ მართლმსაჯულება ჩემს საწინააღმდეგოდ და ასევე ეცდებიან ფიზიკური ზიანიც მომაყენონ.

ამ დამნაშავეებს მე ვეუბნები: შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ ბინძური ჟურნალისტი დაიქირავოთ, გამოიყენოთ თქვენი ოფიციალური კონტაქტები ან ვინმე დაიქირავოთ ჩემს მოსაკლავად. ვერაფერი მაიძულებს მე, არ ვილაპარაკო სიმართლე და არ დავიცვა ჩემი წევრები თქვენი შანტაჟისა და რეკეტისგან.

როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე თქვენი დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. იცოდეთ, რომ მე უკვე დავაგზავნე ინფორმაცია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე და, შესაბამისად, რაც არ უნდა მომივიდეს მე, ჩემი ოჯახის წევრებს თუ ჩემს პარტნიორებს, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ", - წერია სავაჭრო პალატის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები