კორუფცია სასამართლოში

ქუმსიშვილი თამბაქოს ბრენდების 363 მილიონი ლარით დაჯარიმებაზე: ამ საკითხს არ ვიცნობ

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"მე მაქვს მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოსი, კონკრეტულ საკითხებს არ ვიცნობ და არ შეიძლება ვიცნობდე", - ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასამართლოს მიერ თამბაქოს საერთაშორისო ბრენდების -ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს უპრეცენდენტო მოცულობით დაჯარიმების საქმეზე. აღნიშნულ საქმეებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, მაღალი ალბათობით, კორუფციის ნიშნები იკვეთება.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა. ქართული მწარმოებლების სარჩელის მიხედვით, აღნიშნული კომპანიები ბაზარზე დემპინგურ ფასებს აწესებდნენ, რითიც ქართველ მწარმოებლებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგათ. მოსამართლემ ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო დემპინგში დამნაშავედ იმ პირობებში ცნო, როდესაც დემპინგის ამკრძალველი კანონმდებლობა ქვეყანაში არ არსებობს. ბრითიშ ამერიკან ტობაკო 270 მილიონი ლარით დაჯარიმდა, ფილიპ მორის საქართველო - 93 მილიონი ლარით. ორივე საქმე ერთი და იმავე მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ განიხილა.

ამავდროულად, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დააყადაღა ტერაბანკის კუთვნილი $8 მილიონად შეფასებული ქონება, სასამართლო განხილვა კი აქამდე არ დაუნიშნავს, რაც ტერაბანკის იურისტების შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. გაჭიანურებული სასამართლო პროცესის გამო, ტერაბანკის მფლობელმა შეიხმა ნაჰაიანმა ის შეიძლება გაასხვისოს. 

ტერაბანკის საქმეზე ტაბულას მიერ დასმულ კითხვაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა - "სასამართლოს საკითხზე დასმულ კითხვაზე მგონი უკვე გაგეცით პასუხი".

დაჯარიმებული კომპანიები საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრები არიან, ორგანიზაციის თავმჯდომარის ფადი ასლის თქმით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია, დღესვე ICC-მა პროტესტის ნიშნად საკუთარი ოფისი დახურა

კომენტარები