ფილიპ მორის საქართველო

TI: სასამართლოს გადაწყვეტილება "ფილიპ მორისთან" დაკავშირებით, კითხვებს ბადებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანია "ფილიპ მორისს" სს "თბილისის თამბაქოს სასარგებლოდ" 93 მილიონ ლარამდება ანაზღაურება დაეკისრა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ კითხვებს ბადებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოცულობისა და დავის სირთულისა, სასამართლო განხილვები დაჩქარებულად და შესაძლო პროცედურული დარღვევებით წარიმართა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების გარეშეა მიღებული. 

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქმის განხილვის არაობიექტურად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით წარმართვასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს ის გარემოება, რომ სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ გაითვალისწინა. 

"კონკურენციის სააგენტოს აღნიშნული დასკვნა მოიცავდა იმ 40-თვიან პერიოდს, რომელიც აღნიშნული საქმის მიმდინარეობისას განიხილებოდა და დასკვნის მიხედვით, პირდაპირ დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეკონომიკურ აგენტებს მართლაც დაუფიქსირდათ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად პროდუქციის რეალიზების შემთხვევები, ვინაიდან მომწესრიგებელი ნორმები საქართველოში არ გვაქვს, თვისობრივად საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება", - ამბობს მაგდა ჯიმშელეიშვილი. 

ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცავდეს კორუფციის ნიშნებს. გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობის წევრები თვლიან, რომ არასტაბილურმა გარემომ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბიზნესინვესტიციებსაც. 

"ეს კომპანია 93 მილიონით დაჯარიმდა იმ კანონმდებლობის დარღვევისთვის, რომელიც საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, ეს არის მართლაც უპრეცედენტო და გაუგებარი რამ. სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთება, ფაქტობრივად, არ არსებობს. აქ შესაძლებელია იკვეთებოდეს კორუფცია, ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ მოსამართლე იყო კომპეტენციის გარეშე", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური. 

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა.  ბრითიშ ამერიკან ტობაკო 270 მილიონი ლარით დაჯარიმდა, ფილიპ მორის საქართველო - 93 მილიონი ლარით. აღნიშნული ჯარიმები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა.

ამავდროულად, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დააყადაღა ტერაბანკის კუთვნილი $8 მილიონად შეფასებული ქონება, სასამართლო განხილვა კი აქამდე არ დაუნიშნავს, რაც ტერაბანკის იურისტების შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. გაჭიანურებული სასამართლო პროცესის გამო, ტერაბანკის მფლობელმა შეიხმა ნაჰაიანმა ის შეიძლება გაასხვისოს. 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ქართული წარმომადგენლობის ოფისი პროტესტის ნიშნად დაიხურა, ორგანიზაცია თავისი წევრი კომპანიების უპრეცედენტოდ დიდი მოცულობით, $150 მილიონით დაჯარიმებას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის ფადი ასლის შეფასებით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები