გარევაჭრობა

მერია: აღვკვეთთ უნებართვო გარევაჭრობას, თემით სპეკულირება ამ პროცესს ვერ შეაჩერებს

თბილისის მერია

თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს ეხმაურება. დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობა დაუშვებელია.

"შესაბამისად, ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება რეაგირება - თბილისის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, აღკვეთს თბილისის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარევაჭრობას და თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელშეშლის ან შეჩერების საფუძველი", - განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს.

"ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნათელი ხდება, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია", - განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, "გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ეწინააღმდეგება კანონს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს".

"ისინი ძირითად პრობლემებად ანტისანიტარიას, გადაადგილებისას შეფერხებას, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევასა და თბილისის იერსახის დამახინჯებას ასახელებენ და მუნიციპალიტეტს რეაგირებას სთხოვენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის თბილისის ქუჩებში განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღეს, მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ტერიტორიაზე მუყაოს ყუთები დადგეს, რომლის დემონტაჟიც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოახდინეს. დღესვე, აქციაზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და სავარაუდოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის. აქციის მონაწილეები გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვდნენ, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით კი, გარევაჭრობის შედეგად, ქუჩებში დიზენტერია და სიბინძურეა. აქციას ორგანიზებას დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი უწევდა. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს არა ადგილობრივი მცხოვრებლები, არამედ, ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მარჯანიშვილის მეტროსთან ხვალაც გამართავენ, ხოლო 1 აპრილს თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან.

კომენტარები