ალუჩა

Goodwill: "ლარიან კარტოფილზე" თანამშრომლის კომენტარი ჩვენი ოფიციალური პოზიცია არაა

გუდვილის განმარტებით, ალუჩისა და კარტოფილის ფასზე თანამშრომლის კომენტარი ჰიპერმარკეტების ქსელის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს. როგორც ტაბულას გუდვილის პრესსამსახურში განუცხადეს, ეს "შემთხვევითი ადამიანის" პასუხი იყო.

"რატომღაც, შემთხვევით მოხდა გადართვა რიგით თანამშრომელთან. ეს იყო შემთხვევითი ადამიანის პასუხი, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს გუდვილის ოფიციალურ პასუხთან. ამ ადამიანს არ ჰქონდა არანაირი უფლება, რომ ეს კომენტარი გაეკეთებინა. ის იყო პირადი პასუხი და არანაირად არ იყო გუდვილის ოფიციალური განცხადება. გუდვილისთვის თითოეული მომხმარებელი არის ძალიან ძვირფასი და სწორედ ამიტომ ვთავაზობთ არასეზონზე შესაძლებლობას, რომ შეიძინონ ალუჩა", - განუცხადეს ჰიპერმარკეტის პრესსამსახურში ტაბულას.

ჰიპერმარკეტ გუდვილში ალუჩა 100-გრამიანი შეფუთვით იყიდება და მისი ფასი 10.90 ლარია. გუდვილის განმარტებით, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული და, შესაბამისად, იმპორტირებული ხილი ყოველთვის უფრო ძვირი ღირს. ჰიპერმარკეტში აღნიშნავენ, რომ მათ მომხმარებელს ალუჩა მინიმალურ, "მართლაც შემოტანილ ფასად" შესთავაზეს.

ბიზნესპრესნიუსთან აუდიოკომენტარში, გუდვილის თანამშრომელმა გიორგი თანიაშვილმა, რომელიც გამოცემამ ჰიპერმარკეტის ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერად წარადგინა, თქვა, რომ "რაც შემოვიდა გუშინ გუდვილში, მთლიანად გაიყიდა და დღეს უკვე დილიდან, ხალხი ითხოვს ალუჩას. ამიტომ, ვისაც უნდა ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი. ანუ ჩვეულებრივ იყიდება, ორსულებისთვისაც მისაღები არის და ძალიან კარგად ვყიდით. დღეს კიდევ, გაორმაგებული შეკვეთა შემოგვივა".

კომენტარები