ეკონომიკური ზრდა

ქუმსიშვილი 4.8%-იან ეკონომიკურ ზრდაზე: საკმაოდ კარგად მივდივართ

პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი
facebook.com/pg/KvirikashviliOfficial

"პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ", - ამბობს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ორ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა.

2017 წლის ბიუჯეტით 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, შესაბამისად, ამ დროისთვის ეკონომიკური ზრდა სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზზე ოპტიმისტურია და ის 5.2%-ს შეადგენს.

"ეს და სხვა მაჩვენებლები გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პარამეტრები წარმატებით შესრულდება", - ამბობს ქუმსიშვილი.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის შესაძლოა მომდევნო თვეების მანძილზე დაკორექტირდეს.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7% ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები