თავისუფლების აქტი

გახარია: გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გაუქმება სწორი არაა

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება სწორი ნაბიჯი არ იქნება. აღნიშნული მუხლი არის ქვეყანაში გარანტი, რომ მოსახლეობის თანხმობის გარეშე არ დაწესდება ახალი სახალმწიფოებრივი გადასახადი და ასევე არ გაიზრდება გადასახადების არსებული დონე. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ამ მუხლის გაუქმება ინვესტორთა მიმართ ნეგატიური სიგნალი იქნება.

"ჩემი პოზიცია გახლავთ ასეთი, რადგანაც დღეს ჩვენ ეს ჩანაწერი უკვე გვაქვს კონსტიტუციაში, მისი ამოღება შეიძლება, არაერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული ინვესტორებისთვის", - ამბობს გახარია.

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

მთავრობამ თებერვალში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლითაც დაწესდება ახალი ტიპის - საპენსიო შენატანის გადასახადი, ამ შემთხვევაში მოსახლეობა კარგავს უფლებას აღნიშნული გადასახადის შემოღებას რეფერენდუმით დაუჭიროს/არ დაუჭიროს მხარი.

კომენტარები