ეკონომიკური ზრდა

პრემიერი: 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდა ადასტურებს, რომ ჩვენი ბიუჯეტი რეალისტურია

ტაბულა

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, ბიუჯეტით კი წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ ზრდა სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს. 

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არსებულ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა - საწარმოთა ბრუნვა; გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

"ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით, მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია. ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად, მწვანე შუქი გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია", - ამბობს პრემიერი.

2017 წლისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზზე ოპტიმისტურია და ის 5.2%-ს შეადგენს.

ეკონომიკური ზრდის მონაცემები წინასწარია და ის შესაძლოა მომდევნო თვეების მანძილზე დაკორექტირდეს.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები