IRI-ის კვლევა

ხუხაშვილი IRI-ზე: "მორწმუნეები" ენმ-სთან დარჩნენ, რაციონალურები ევროპულ საქართველოსთან

ტაბულა

"მთლიანი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და ამომრჩეველი ეძებს რაღაც ახალ არჩევანს", - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს. ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. „ერთადერთი, რაც შეიცვალა შიდა კონფიგურაციაში, ეს გახლავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, თუმცა ამან საერთო სურათი და განწყობა არ შეცვალა“. ხუხაშვილი იმ ამომრჩევლებს შორის განსხვავებებზეც საუბრობს, ვინც ენმ-ის მხარდამჭერად დარჩა და ვინც ამჯერად ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს.

"პარტიის ამომრჩეველი შედგება ორი ნაწილისგან. არის ამომრჩეველი, რომელსაც თავისი არჩევანი რელიგიურ გრძნობებზე აქვს დამყარებული, ლიდერის უპირობო რწმენაზე და ანალიზს ნაკლებად აკეთებს მისი მოღვაწეობისას. მეორე მხრივ, არის ამომრჩეველი, რომელიც შეგნებულ არჩევანს აკეთებს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე და ცდილობს, რომ მისი პლუსები და მინუსები საღი გონებით, ცივი გონებით შეაფასოს. ზუსტად ასეთი პროპორციით გაიყო შედეგები, 2/3 სარწმუნოებაზე, რწმენაზე აგებული ამომრჩეველი დარჩა ენმ-ში და 1/3 წავიდა ევროპულ საქართველოში და ეს იყო მათი რაციონალური არჩევანი, მორწმუნები დარჩნენ იქ, სადაც იყვნენ", - ამბობს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილის შეფასებით, იმის შანსი, რომ ევროპული საქართველო ადგილობრივი არჩევნებისთვის თავისი შედეგების გაუმჯობესებას, მესამე არჩევანის მოსურნე ამომრჩევლის ხარჯზე შეძლებს, მცირეა. ხუხაშვილი ამ პარტიის პოლიტიკურ სტარტს საპრეზიდენტო არჩევნებიდან ხედავს.

"რაც შეეხება ამ პარტიისთვის [ევროპული საქართველო] მესამე არჩევანის მოზიდვას, ანუ იმ ამომრჩევლის, რომელსაც აქვს ტოტალური იმედგაცრუება და არ მოსწონს არც დღევანდელი ხელისუფლება და არც წინა ხელისუფლება მოსწონდა, ამ ამომრჩევლის მოზიდვა დღეს ევროპული საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, მაგრამ ახლო პერიოდში ამის გაკეთება ძალიან გაჭირდება. იმის შანსები, რომ ეს პოლიტიკური ძალა ადგილობრივი  არჩევნებისთვის თავისი შედეგების გაუმჯობესებას, მესამე არჩევანის მოსურნე ამომრჩევლის ხარჯზე შეძლებს, ძალიან მცირეა. მათი პოლიტიკური სტარტი ალბათ უფრო იქნება საპრეზიდენტო არჩევნებთან ახლოს, მანამდე რაიმე ტიპის სერიოზულ შედეგებს ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან არ უნდა ველოდოთ", - ამბობს ხუხაშვილი.

რუსთავი ორმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ნაწილი გუშინ გამოაქვეყნა. კითხვაზე, "მომდევნო კვირას რომ იყოს არჩევნები, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?" - პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 26%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15%, ევროპული საქართველო - 7%, ლეიბორისტული პარტია - 6%.

IRI ანგარიშს ოფიციალურად ორშაბათს, 3 აპრილს წარადგენს. რუსთავი ორის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ჩაატარა.

კომენტარები