ინციდენტი ვაკეში

შსს: გენერალურმა ინსპექციამ ვაკეში მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო

ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საქმის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ადასტურებს. 

საქმე ეხება სოციალურ ქსელში, მომხმარებლის George Maisa-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები მოქალაქეს ძალის გამოყენებით აკავებენ. მომხმარებელი წერს, რომ პირი, რომელიც დააკავეს გამოესარჩლა ფეხმძიმე ქალს, რომელიც მომხმარებლის თქმითვე, შეშინებული იყო ფაქტით, რომ ე.წ. ზებრაზე გადასვლისას მას "კინაღამ დაარტყა" პატრულის მანქანამ. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მამაკაცი დაკავებულია პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტზე და ეს შესაბამისი დოკუმენტებითაა დადასტურებული.

"ამ პირის შესახებ სასამართლომ უკვე იმსჯელა და ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება სამართალდამცველების მოქმედებას, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესწავლა აქვს დაწყებული,"- აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

ტაბულა დაინტერესდა, Facebook მომხმარებლის ცნობა იმის შესახებ, რომ პატრულის მანქანამ ე.წ. ზებრაზე მოქალაქეს გზა არ დაუთმო, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. 
 

კომენტარები